LIVE

ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მცირდება - ღარიბაშვილის განცხადება VS რეალობა

12 მაი 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 339
ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მცირდება - ღარიბაშვილის განცხადება VS რეალობა

"ვეკითხები ჩვენს დასავლელ მეგობრებს, მე რომ მეუბნებით, შეწყვიტე რუსეთთან ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას?!", - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის შესახებ ჰკითხეს. 

"ევროკავშირი დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და რასაც ევროკავშირი ვაჭრობს ოთხ დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ ერთ წელიწადში. შარშან სავაჭრო ბრუნვამ 270 მილიარდი დოლარი შეადგინა, თითქმის 300 მილიარდი დოლარი შეუვიდა რუსეთს შარშან, გაგანია ომის დროს ბიუჯეტში სუფთა შემოსავლების სახით. საიდან? ევროკავშირისგან", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული აკრძალვების გამო, რუსეთი ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა. პრემიერის მტკიცების საპირისპიროდ, ოფიციალური მონაცემები მოწმობს, როგორ შემცირდა სავაჭრო ურთიერთობა რუსეთსა და ევროკავშირს შორის. მხოლოდ ევროკავშირმა აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების 10 პაკეტი აამოქმედა, რამაც სავაჭრო ურთიერთობებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. 

როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი მნიშვნელოვნად დაეცა. უფრო დეტალურად, 2022 წლის თებერვლიდან 2022 წლის დეკემბრამდე ევროკავშირის იმპორტში რუსეთის წილი 9.5%-დან 4.3%-მდე შემცირდა. იმავე პერიოდში, ევროკავშირის ექსპორტში რუსეთის წილი 4%-დან 2%-მდე დაეცა.

ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტმა რუსეთთან პიკს - 18.2 მილიარდ ევროს 2022 წლის მარტში მიაღწია, 2022 წლის დეკემბერში კი დრამატულად, 6 მილიარდ ევრომდე შემცირდა.

ევროკავშირში რუსეთიდან იმპორტის ღირებულება 2022 წლის მარტიდან დეკემბრამდე 53%-ით, 21.8 მილიარდი ევროდან 10.3 მილიარდ ევრომდე შემცირდა.

კერძოდ, ყველაზე მაღალი ვარდნა დაფიქსირდა ნახშირზე, რომელიც 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 45%-დან 22%-მდე შემცირდა, ასევე ბუნებრივ აირზე (36%-დან 21%-მდე), სასუქებზე (29%-დან 22%-მდე), ნავთობზე (28%-დან 21%-მდე), რკინასა და ფოლადზე (16%-დან 10%-მდე). 

ევროსტატის სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის იანვრის ბოლომდე ევროკავშირმა რუსეთიდან 171 მილიარდი ევროს ($186 მილიარდი) ღირებულების საქონელი შეიძინა. 

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებს, ამ მიმართულებით საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე მზარდია. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა. I კვარტალში რუსეთიდან იმპორტი წლიურად 78.8%-ით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 14.7% შეადგინა. საქართველომ რუსული პროდუქციის იმპორტში 489 მლნ 971 ათასი დოლარი გადაიხადა. რაც შეეხება ექსპორტს, იანვარ-მარტში, რუსეთში ექსპორტი წლიურად 61.1%-ით, 176 მლნ 917 ათას დოლარამდე გაიზარდა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 12.1% იყო.