LIVE

PSP, გეფა, ავერსი, მერმისი - კომპანიები, რომელთა მიმართაც მოკვლევა დაიწყო

27 მარ 202311:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1007
PSP, გეფა, ავერსი, მერმისი - კომპანიები, რომელთა მიმართაც მოკვლევა დაიწყო

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო.

"ბიზნეს ფორმულას" ინფორმაციით, ეს კომპანიებია: სს „გეფა“ (ფარმადეპო-ჯიპისი); შპს „ავერსი-ფარმა“; შპს „პსპ ფარმა“ და შპს „მერმისი“.

კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, მოკვლევას, რომელიც ეხება ბოლო პერიოდში, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას, საფუძვლად ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებები დაედო. 

23 მარტს, ჯანდაცვის უწყებამ სწორედ აღნიშნული 4 კომპანიის შესახებ გაასაჯაროვა მონაცემები და განაცხადა, რომ აფთიაქებმა ზოგიერთ ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასი გააოთხმაგეს.

აღსანიშნავია, რომ რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის უწყებამ და მინისტრმა არაერთხელ გააჟღერეს ბრალდებები ფარმაცევტული კომპანიების მიმართ შეთანხმებულ მოქმედებასა და ფასების ხელოვნურად გაზრდასთან დაკავშირებით. მსგავსი განცხადებები გაკეთდა პრემიერმინისტრის მხრიდანაც. ირაკლი ღარიბაშვილმა 24 მარტს, პარლამენტში განაცხადა, რომ PSP-მ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 200-300%-იანი ფასნამატები გააკეთა, რაც რეაგირების გარეშე არ დარჩება. ამ განცხადებას PSP-ს დამფუძნებელი, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ტყუილს უწოდებს, პრემიერისგან კი დეზინფორმაციის უარყოფას და ბოდიშის მოხდას მოითხოვს. თავის მხრივ, მსგავს განცხადებებს სექტორზე ზეწოლად აფასებს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია.