ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მიერ ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტების ფასების ზრდასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებას ამჯერად ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია გამოეხმაურა. მათი თქმით, ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გახშირებული უსაფუძვლო, ზედაპირული და ფაქტების დადგენის გარეშე გაჟღერებული ბრალდებები, აღვივებს კონფლიქტს ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ მარეგულირებლის მხრიდან სექტორი ამჩნევს ზეწოლას, რაც კანონის აღსრულებას არ უკავშირდება და ზღუდავს ბიზნესის ოპერირებას.
„უპირველეს ყოვლისა გვსურს დავაფიქსიროთ, რომ ასოციაციის წევრებისათვის, მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას, მითუმეტეს პაციენტების ხარჯზე და მუდმივად ზრუნავენ, რომ მათ მიერ გაწეული მომსახურება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი.
ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გახშირებული უსაფუძვლო, ზედაპირული და ფაქტების დადგენის გარეშე გაჟღერებული ბრალდებები აღვივებს კონფლიქტს ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის. მარეგულირებლის მხრიდან სექტორი ამჩნევს ზეწოლას, რაც ნამდვილად არ უკავშირდება კანონის აღსრულებას, არამედ ზღუდავს ბიზნესისთვის ოპერირების საშუალებას და აქვე ეჭვს ბადებს, რომ მიზანმიმართულად ხდება მოსახლეობის ნეგატიური განწყობის შექმნა და ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული პირებისა და კომპანიების დისკრედიტაცია. გაურკვეველია რას ემსახურება ფარმაცევტული ბაზრის მონაწილე პირების უფლებების განუწყვეტელი დარღვევა და მათი ღირსების შელახვა“, - აცხადებენ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში.
ასოციაცია მიმართავს კონკურენციის სააგენტოს, ხომ არა აქვს ადგილი მარეგულირებლის მხრიდან მიზანმიმართულად სექტორისთვის კონკურენციის შემზღუდველი პირობების შექმნას, რაც წინაპირობაა კომპანიებისთვის ბაზრის იძულებით დასატოვებლად.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასოციაცია განმარტავს ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე ფასების საკითხს.
„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 23 მარტს გამოქვეყნებული პრეპარატების საყოველთაო ჯანდაცვის პორტალზე ატვირთვა და შესაბამისად მათი დაფინანსება დაწყებულია 2020 წლის 15 სექტემბრიდან.
პრეპარატებზე ფასების კლება დაიწყო 2022-ის სექტემბრიდან და კლებამ პიკს მიაღწია ა.წ. თებერვალში. კლების მიზეზი იყო კომპანიების მარაგებში არსებული ნაშთების სწრაფი რეალიზაცია ვადის გასვლის თავიდან აცილების მიზნით. საყოველთაოს დაფინანსების პრინციპიდან და ბაზარზე კონკურენციის მაღალი დონიდან გამომდინარე, 2022-ის სექტემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში ბევრი პრეპარატი იყიდებოდა არარეალურად დაბალ, პრაქტიკულად თვითღირებულებაზე დაბალ ფასში. ეს ყველაფერი ხდებოდა წინა პერიოდში იმპორტირებული ნაშთის ხარჯზე. 2022 წლის დეკემბერში თურქეთში მოხდა 36,77%-იანი ფასების ზრდა მედიკამენტებზე. ნაშთების ამოწურვის შემდგომ ყველა კომპანიას მოუწია მარტში თურქეთიდან გაზრდილი ღირებულების პრეპარატების იმპორტი. შესაბამისად, თებერვალში მიღწეული არარეალურად დაბალი ფასების შენარჩუნება იყო შეუძლებელი და მოხდა შესაბამისი გადაფასება, მაგრამ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ფასები არ გაზრდილა თავდაპირველ ნიშნულამდეც კი, რომელშიც ფინანსდებოდა ეს მედიკამენტები 09.2020-09.2022 პერიოდში. ასევე მაგალითისთვის. ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც ედავებიან ფასის გაძვირებას, განცხადებაში აღნიშნული მედიკამენტი 2023 წლის იანვარ-მარტში საერთოდ არ ჰქონია, მეტიც, ვადის გასვლის მიზეზით მოუწია 15 852 ლარის ღირებულების მედიკამენტის განადგურება, რაც პირდაპირ კომპანიის ზარალია. ეს არის ფაქტები და ყველა დამადასტურებელი საბუთი კომპანიებს თავად აქვთ. ამრიგად, თქმა იმისა, რომ ონკოლოგიურ პრეპარატებზე ფასებმა 4-ჯერ აიწია, რბილად რომ ვთქვათ, არის მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა. ფასები დარჩა თავდაპირველ დიაპაზონში“, - აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია გმობს მის წევრ კომპანიებზე გავრცელებულ ბრალდებებს და ეჭვობს, რომ წამოწყებული კამპანია მიზნად ისახავს სექტორის რეპუტაციის შელახვას.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას უკვე გამოეხმაურა კომპანია PSP და განმარტა, რომ თვეების მიხედვით ონკოლოგიური წამლების ფასებს შორის განსხვავება, მოკლე ვადის გამო, 4-5-ჯერ იაფად გაყიდვამ განაპირობა.
კომპანია სწორედ ამით ხსნის თებერვალში ონკოლოგიური მედიკამენტების გაიაფებას და აღნიშნავს, რომ უკვე 2023 წლის მარტიდან, გაყიდვიდან ამოიღეს წამლები, რომელთა მოქმედების ვადა 1 თვეზე ნაკლები იყო და შესაბამისად, ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულება საწყის ფასს დაუბრუნდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ფიქსირდება. ამჯერად, საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ უწყებამ კომპანიების წინააღმდეგ რამდენიმე მსგავსი შინაარსის განცხადება უკვე გაავრცელა. თავდაპირველად, რეფერენტული ფასი 15 თებერვლიდან 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე გავრცელდა. მალევე, სამინისტრომ კომპანიები წამლების ხელოვნურად გაძვირებაში დაადანაშაულა, რაც თავად ფარმაცევტულმა სექტორმა უარყო, როგორც რეალობასთან შეუსაბამო და მიუღებელი ბრალდება.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ეს ორი საკითხი საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა დაიწყოს. მისი თქმით, უწყება ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციაშია და მოკვლევა უახლოეს პერიოდში დაიწყება.