პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ PSP-მ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 200-300%-იანი ფასნამატები გააკეთა, რაც რეაგირების გარეშე არ დარჩება.
"წამლების ფასები, რომელიც იყო გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის, 60%-დან 80 %-მდე შემცირდა მას შემდეგ, რაც გავხსენით თურქეთის ბაზარი. ამით 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა და დაზოგა ჩვენმა ხალხმა.
რეფერენტული ფასები დავაწესეთ, აქვე მინდა გამოვეხმაურო ამ დესტრუქციული ძალის ერთ-ერთ წარმომადგენელს, კახა ოქრიაშვილის კომპანია PSP-ს, ნახეთ, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ორას-სამას პროცენტიანი ფასნამატები გააკეთეს, რაც რა თქმა უნდა არ დარჩება რეაგირების გარეშე, დაუყოვნებლივ მოხდება ამაზე რეაგირება და ძალიან მკაცრი შედეგები დაიდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში.
გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფთიაქებმა, მათ შორის PSP-მ, ზოგიერთ ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასი გააოთხმაგეს.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას უკვე გამოეხმაურა კომპანია PSP, სადაც განმარტავენ, რომ თვეების მიხედვით ონკოლოგიური წამლების ფასებს შორის განსხვავება, მოკლე ვადის გამო, 4-5-ჯერ იაფად გაყიდვამ განაპირობა. კომპანია სწორედ ამით ხსნის თებერვალში ონკოლოგიური მედიკამენტების გაიაფებას და აღნიშნავს, რომ უკვე 2023 წლის მარტიდან, გაყიდვიდან ამოიღეს წამლები, რომელთა მოქმედების ვადა 1 თვეზე ნაკლები იყო და შესაბამისად, ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულება საწყის ფასს დაუბრუნდა.
ამასთან, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მსგავს განცხადებებს, რომლებიც აქამდეც არაერთხელ გაკეთდა, ზეწოლად აფასებს.
"ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გახშირებული უსაფუძვლო, ზედაპირული და ფაქტების დადგენის გარეშე გაჟღერებული ბრალდებები აღვივებს კონფლიქტს ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის. მარეგულირებლის მხრიდან სექტორი ამჩნევს ზეწოლას, რაც ნამდვილად არ უკავშირდება კანონის აღსრულებას, არამედ ზღუდავს ბიზნესისთვის ოპერირების საშუალებას და აქვე ეჭვს ბადებს, რომ მიზანმიმართულად ხდება მოსახლეობის ნეგატიური განწყობის შექმნა და ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული პირებისა და კომპანიების დისკრედიტაცია. გაურკვეველია, რას ემსახურება ფარმაცევტული ბაზრის მონაწილე პირების უფლებების განუწყვეტელი დარღვევა და მათი ღირსების შელახვა“, - აცხადებენ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში.