კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება, ბოლო პერიოდში, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას.
„მოკვლევას საფუძვლად დაედო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და განცხადებები ფარმაცევტული კომპანიების ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობასთან დაკავშირებით.
მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებასა და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს (ე.წ. კარტელური გარიგებები) გულისხმობს.
კომპანიებს, რომელთა მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს, და ფარმაცევტულ ასოციაციებს, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საშუალება ექნებათ პროცესში საკუთარი პოზიციები/ახსნა-განმარტებები წარმოადგინონ“, - აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის უწყებამ და მინისტრმა არაერთხელ გააჟღერეს ბრალდებები ფარმაცევტული კომპანიების მიმართ შეთანხმებულ მოქმედებასა და ფასების ხელოვნურად გაზრდასთან დაკავშირებით. მსგავსი განცხადებები გაკეთდა პრემიერმინისტრის მხრიდანაც. ირაკლი ღარიბაშვილმა 24 მარტს, პარლამენტში განაცხადა, რომ PSP-მ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 200-300%-იანი ფასნამატები გააკეთა, რაც რეაგირების გარეშე არ დარჩება. ამ განცხადებას PSP-ს დამფუძნებელი, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ტყუილს უწოდებს, პრემიერისგან კი დეზინფორმაციის უარყოფას და ბოდიშის მოხდას მოითხოვს. თავის მხრივ, მსგავს განცხადებებს სექტორზე ზეწოლად აფასებს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია.