LIVE

აფთიაქებმა ზოგიერთ ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასი გააოთხმაგეს - ჯანდაცვის სამინისტრო

23 მარ 202314:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 396
აფთიაქებმა ზოგიერთ ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასი გააოთხმაგეს - ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ფიქსირდება.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამჯერად, საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. სამინისტრო ამბობს, რომ კომპანიების ნაწილმა, აღნიშნულ წამლებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს. უწყება ცალკეული მედიკამენტების ჩამონათვალსაც ავრცელებს. 

„აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების რეალიზატორ კომპანიებს, ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე, იდენტური ფასები აქვთ განსაზღვრული.

წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს.

ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედების შესწავლის პროცესში ჩართულია კონკურენციის ეროვნული სააგენტო.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქიმიო-სხივური ჰორმონოთერაპიისთვის ერთ ბენეფიციარზე, ყოველწლიურად, 25 000 ლარი გამოიყოფა, ხელოვნურად გაძვირებული წამლების შედეგად კი, ონკოლოგიურ პაციენტებს, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ. სამწუხაროა, რომ ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ისევ გრძელდება მედიკამენტების ფასების ხელოვნურად ზრდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, არაერთხელ გაცხადდა, რომ მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა და თითოეულ დარღვევაზე, უწყებას, ექნება მკაცრი რეაგირება“,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ უწყებამ კომპანიების წინააღმდეგ რამდენიმე მსგავსი შინაარსის განცხადება უკვე გაავრცელა. თავდაპირველად, რეფერენტული ფასი 15 თებერვლიდან 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე გავრცელდა. მალევე, სამინისტრომ კომპანიები წამლების ხელოვნურად გაძვირებაში დაადანაშაულა, რაც თავად ფარმაცევტულმა სექტორმა უარყო, როგორც რეალობასთან შეუსაბამო და მიუღებელი ბრალდება.