LIVE

წელს რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - საქსტატი

20 მარ 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 558
წელს რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვრის მსგავსად, იანვარ-თებერვალშიც საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა რუსეთი იყო (467.1 მლნ აშშ დოლარი). 2 თვის შედეგებით, მეორე პოზიცია დაიკავა თურქეთმა (387 მლნ აშშ დოლარი), მესამე კი - ჩინეთმა (246.4 მლნ აშშ დოლარი).

იანვარ-თებერვალში რუსეთიდან იმპორტი წლიურად 86.3%-ით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 17.1% შეადგინა. საქართველომ რუსული პროდუქციის იმპორტში 338 მლნ 825 ათასი დოლარი გადაიხადა. 2 თვეში რუსეთიდან ადგილობრივ ბაზარზე დიდი რაოდენობით შემდეგი დასახელების პროდუქცია შემოვიდა:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
  • ხორბალი და მესლინი;
  • ქვანახშირი და მისგან მიღებული მყარი საწვავის სახეობები;
  • ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი.

რაც შეეხება ექსპორტს, იანვარ-თებერვალში, რუსეთში ექსპორტი წლიურად 38.1%-ით, 128 მლნ 245 ათას დოლარამდე გაიზარდა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 14% იყო. საქართველომ რუსეთის ბაზარზე დიდი რაოდენობით გაყიდა:

  • ფეროშენადნობები;
  • ყურძნის ნატურალური ღვინო;
  • მსუბუქი ავტომობილები (ცალი);
  • მინერალური და მტკნარი წყლები;
  • სპირტიანი სასმელები.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (133.1 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (128.2 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (112.4 მლნ აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სამეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 236.8 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 25.9%-ს შეადგენდა. მეორე პოზიციაზე იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები 143.4 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15.7%), ხოლო მესამეზე - ფეროშენადნობები 71.7 მლნ აშშ დოლარით (7.8%).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის სამეულში 338.8 მლნ აშშ დოლარიანი წილით რუსეთი პირველ პოზიციაზეა, მას მოჰყვება თურქეთი (322.2 მლნ აშშ დოლარი), მესამე ადგილს კი ჩინეთი იკავებს (134 მლნ აშშ დოლარი).   

იანვარ-თებერვლის მონაცემებით, უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში მსუბუქი ავტომობილები ლიდერობდა, რომლის იმპორტმა 207.8 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.5% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 175.5 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 8.8%), ხოლო მესამე ადგილზე იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტები 158.4 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 8%).

საქსტატის თანახმად, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 მლრდ 898 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.3%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი წლიურად 20.3%-ით გაიზარდა და 915 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 9%-ით გაიზარდა და 1 მლრდ 983 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, ანუ იმპორტის გადაჭარბებამ ექსპორტზე, 2023 წლის იანვარ-თებერვალში 1 მლრდ 69 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9%-ია.

შეგახსენებთ, საქსტატის თანახმად, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლიურად 32.8%-ით გაიზარდა და 19 მლრდ 43 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.