LIVE

2022 წელს რუსეთიდან იმპორტი 79%-ით გაიზარდა

20 იან 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 706
2022 წელს რუსეთიდან იმპორტი 79%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო (2 მლრდ 806 მლნ აშშ დოლარი), მეორე პოზიცია დაიკავა რუსეთმა (2 მლრდ 487 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მესამე - ჩინეთმა (1 მლრდ 863 მლნ აშშ დოლარი).

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 79.4%-ით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 13.6% შეადგინა. რუსეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით შემოვიდა:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
  • ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი;
  • ხორბალი და მესლინი;
  • კოქსი და ნახევარკოქსი.

რაც შეეხება ექსპორტს, გასული წლის 12 თვეში, რუსეთში ექსპორტი წლიურად 6.8%-ით გაიზარდა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილმა 11.7% შეადგინა. საქართველომ რუსეთის ბაზარზე დიდი მოცულობით გაყიდა:

  • ყურძნის ნატურალური ღვინო;
  • ფეროშენადნობები;
  • მსუბუქი ავტომობილები (ცალი);
  • სპირტიანი სასმელები;
  • მინერალური და მტკნარი წყლები.

საქსტატის თანახმად, 2022 წელს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (737 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (673 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (652 მლნ აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 1 მლრდ 024 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე იყო მსუბუქი ავტომობილები 904 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 16.2%), ხოლო მესამეზე - ფეროშენადნობები 460 მლნ აშშ დოლარით (8.2%).

გასულ წელს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულში პირველი პოზიცია თურქეთმა დაიკავა (2 მლრდ 371 მლნ აშშ დოლარი), მეორე - რუსეთმა (1 მლრდ 835 მლნ აშშ დოლარი), მესამეზე კი - ჩინეთმა (1 მლრდ 126 მლნ აშშ დოლარი).

საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში 2022 წელს მსუბუქი ავტომობილები ლიდერობდა, რომლის იმპორტმა 1 მლრდ 619 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12% შეადგინა. მეორე ადგილი დაიკავა ნავთობმა და ნავთობპროდუქტებმა 1 მლრდ 336 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 9.9%), ხოლო მესამე - სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა 775 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5.8%).

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 მლრდ 43 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 32.8%-ით მეტია.

იანვარ-დეკემბერში ექსპორტი 5 მლრდ 593 მლნ აშშ დოლარი იყო (31.8%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 13 მლრდ 450 მლნ აშშ დოლარი (33.2%-ით მეტი).

შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7 მლრდ 857 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3% შეადგინა.

შეგახსენებთ, საქსტატის თანახმად, 2021 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14 მლრდ 315 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.