სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა რუსეთი იყო (263.6 მლნ აშშ დოლარი), მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა თურქეთმა (196.1 მლნ აშშ დოლარი), მესამე ადგილი კი აზერბაიჯანმა დაიკავა (120.4 მლნ აშშ დოლარი).
რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 18%-ითაა გაზრდილი. იმპორტისა და ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი კი 100%-ს აჭარბებს. კერძოდ, იანვარში რუსეთიდან იმპორტი წლიურად 104.5%-ით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 17.5% შეადგინა. საქართველომ რუსეთიდან იმპორტში 175.8 მლნ დოლარი გადაიხადა. იანვარში ადგილობრივ ბაზარზე დიდი რაოდენობით შემდეგი დასახელების რუსული პროდუქცია შემოვიდა:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
- ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი;
- ხორბალი და მესლინი;
- ქვანახშირი და მისგან მიღებული მყარი საწვავის სახეობები.
რაც შეეხება ექსპორტს, იანვარში, რუსეთში ექსპორტი წლიურად 105.7%-ით, 87.8 მლნ დოლარამდე გაიზარდა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 19.1% იყო. საქართველომ რუსეთის ბაზარზე დიდი მოცულობით გაყიდა:
- ფეროშენადნობები;
- ყურძნის ნატურალური ღვინო;
- მსუბუქი ავტომობილები (ცალი);
- სპირტიანი სასმელები;
- მინერალური და მტკნარი წყლები.
საქსტატის თანახმად, 2023 წლის იანვარში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (87.8 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (69.8 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (51.9 მლნ აშშ დოლარი).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სამეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 104.3 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.7%-ია. მეორე პოზიციაზე იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები 68.1 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.8%), ხოლო მესამეზე - ფეროშენადნობები 50.8 მლნ აშშ დოლარით (11.1%).
აღსანიშნავია, რომ რუსეთი 175.8 მლნ აშშ დოლარით, პირველ პოზიციაზეა საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის სამეულშიც. მას მოჰყვება თურქეთი (164.7 მლნ აშშ დოლარი), მესამე ადგილს კი აზერბაიჯანი იკავებს (68.5 მლნ აშშ დოლარი).
იანვარში, უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები ლიდერობდა, რომლის იმპორტმა 92.1 მლნ აშშ დოლარი და იმპორტის 9.2% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 86.4 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 8.6%), ხოლო მესამე ადგილს - ნავთობი და ნავთობპროდუქტები 82.3 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 8.2%).
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 მლრდ 462 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 29.1%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი წლიურ ჭრილში 38.5%-ით გაიზარდა და 459 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 25.2%-ით გაიზარდა და 1 მლრდ 3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, ანუ იმპორტის გადაჭარბებამ ექსპორტზე, 2023 წლის იანვარში 544 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 37.2%-ია.