მსოფლიო საბანკო კრიზისის რისკის ფონზე Credit Suisse შვეიცარიის ცენტრალური ბანკისაგან $54 მილიარდს სესხულობს. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიული ბანკის ერთ-ერთი ბენეფიციარი ქართველი მილიარდერი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. მისი ქონების 5% ჯერ კიდევ შვეიცარიული ბანკის ტრასტების კონტროლის ქვეშაა, რომლებზეც მილიარდერს ხელი არ მიუწვდება. ივანიშვილს Credit Suisse-სთან დავების მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს.
დავის დასაწყისი - პატრიკ ლესკადრონის თაღლითური სქემები
Credit Suisse შვეიცარიის რიგით მეორე უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილის დავები 2011 წელს დაიწყო. იმ დროისთვის ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილის პირადი ბანკირი და Credit Suisse-ის თანამშრომელი, პატრიკ ლესკადრონი ქართველი მილიარდერის ანგარიშებიდან წლების განმავლობაში იპარავდა თანხებს. ლესკადრონის თაღლითური სქემები საბოლოოდ 2015 წელს გამომჟღავნდა.
პატრიკ ლესკადრონმა დანაშაული აღიარა: განაცხადა, რომ იგი წლების განმავლობაში აყალბებდა ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერებს და მისი ანგარიშებიდან დიდ თანხებს იღებდა. 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ პატრიკ ლესკადრონი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო 2020 წელს ლესკადრონი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ლესკადრონმა თავი მოიკლა.
ბერმუდის საქმე
2017 წელს ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს პირველად უჩივლა. სარჩელის მიზეზი პატრიკ ლესკადრონის თაღლითური სქემა იყო, რომლის გამოც, ივანიშვილმა ბანკში განთავსებული $755 მილიონის პირადი სადაზღვევო შენატანიდან $400 მილიონი დაკარგა.
საქმე ბერმუდის უზენაეს სასამართლოში აღიძრა. ივანიშვილის მხარის განმარტებით, ქონების დაკარგვაზე პასუხისმგებელი ბანკი იყო, თუმცა ბანკის განცხადებით, ლესკადრონი მარტო მოქმედებდა და Credit Suisse-მა მისი თაღლითური სქემების შესახებ არაფერი იცოდა. ბანკის ადვოკატი იმასაც ამბობდა, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსაც ეკისრებოდა, ვინაიდან ლესკადრონი მისი პირადი ბანკირი იყო, რომლის საქმიანობისთვისაც ბენეფიციარს მეტი ყურადღება უნდა მიექცია. ბიძინა ივანიშვილს განცხადებაზე, რომ თავისი ფული მან Credit Suisse-ს მისცა, მათ კი დაუკარგეს, ბანკის ადვოკატებმა უპასუხეს, რომ ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი, გულუბრყვილო ინვესტორივით იქცეოდა. ამასთან, იგი ვერ ასახელებდა კონკრეტულ ტრანზაქციას, რომლის შემდეგადაც დაკარგა $400 მილიონი.
ბერმუდის საქმის მიმდინარეობის პარალელურად, 2021 წლის 29 აპრილს თავად Credit Suisse-მა უჩივლა ბიძინა ივანიშვილს. ლონდონის სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიზეზი იყო ბიძინა ივანიშვილისა და მისი კომუნიკაციების მრჩევლის მიერ გამოქვეყნებული ბანკის ანგარიშის ასლი, რომელიც პატრიკ ლესკადრონს ეხებოდა. Credit Suisse-ის განმარტებით, აღნიშნული 2017 წლის ანგარიში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან იგი ფინანსურ საიდუმლოებას შეიცავდა. დოკუმენტის კონფიდენციალურობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ შვეიცარიის სასამართლოს ჰქონდა მიღებული, თუმცა Metigen-მა - ივანიშვილის დაქირავებულმა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმამ - იგი მაინც გამოაქვეყნა. აღნიშნული მიმართულებით დავა Credit Suisse-მა იმავე წელსვე წააგო: ბერმუდის სასამართლოს განმარტებით, ბანკს არ ჰქონდა საფუძველი, არ გამოექვეყნებინა საქმისთვის ასეთი დიდი მნიშვნელობის დოკუმენტი.
საბოლოოდ, ბერმუდის საქმე 2022 წლის 29 მარტს დასრულდა. სასამართლო დავა ივანიშვილმა მოიგო. Credit Suisse-ს წაგებული საქმის გამო ივანიშვილისთვის $607 მილიონის გადახდა დაეკისრა. ბანკმა სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.
სინგაპურის საქმე
ბერმუდის საქმის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილმა სარჩელი სინგაპურის სასამართლოშიც შეიტანა. 2020 წლის ივლისში სინგაპურის უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო ივანიშვილის სარჩელი Credit Suisse-ის წინააღმდეგ.
2005 წელს Credit Suisse-მა სინგაპურში შექმნა შვილობილი კომპანია Mandalay Trust, რომელშიც ივანიშვილს თავდაპირველად $550 მილიონის დეპოზიტი ჰქონდა შეტანილი. 2014 წლისთვის ანგარიშზე იყო $697 მილიონი, ხოლო 2015-ში თანხის ნაწილი გაქრა და დარჩა მხოლოდ $437 მილიონი. აღნიშნული ზარალიც პატრიკ ლესკადრონის თაღლითობას უკავშირდება, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ სინგაპურის საქმიდან Credit Suisse-ს $800 მილიონს სთხოვს.
საქმის წარმოება 2022 წლის სექტემბერში დაიწყო. Credit Suisse Trust Singapore-ის მთავარი ადვოკატი ლი ენგ ბენგი აცხადებდა, რომ ნებისმიერ ინვესტიციაზე, რომელსაც ბენეფიციარი გააკეთებდა, პასუხისმგებელი თავად უნდა ყოფილიყო.
სინგაპურის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება, თუმცა ბევრი კომენტარი საქმის გარშემო არ კეთდება. ივანიშვილის მხარე ლესკადრონის თაღლითობაზე ბრალს ბანკს სდებს, თუმცა Credit Suisse ხშირად იმეორებს, რომ კომპანიის პასუხისმგებლობები მხოლოდ ივანიშვილის აქტივების მართვით შემოიფარგლებოდა. ხოლო ნებისმიერ ინვესტიციასა და მის შესაძლო დანაკარგებზე პასუხი ბენეფიციარს თავად ეკისრება.
აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი, Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული სასამართლო დავის ფარგლებში ჯამში 210 მილიონი დოლარი გადაუხადა.
ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ
2022 წლის თებერვალში დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, რომლის ფონზეც სრულიად სხვა მიმართულებით განვითარდა ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის დავები, რამდენადაც ივანიშვილს თანხებზე წვდომა შეეზღუდა.
Credit Suisse-ში 46 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის რუსული აქტივები ინახება. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო, ბანკმა $10.63 მილიარდის რუსული აქტივები გაყინა. შვეიცარიული ბანკი დიდი სიფრთხილით ეკიდება არა მხოლოდ სანქცირებული რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების, არამედ მათთან დაახლოებული პირების ანგარიშებსა და შესაძლო საეჭვო ტრანზაქციებს. სწორედ ასეთ პირად თვლის Credit Suisse ბიძინა ივანიშვილს.
ივანიშვილის რუსული კავშირების შესახებ
საყურადღებოა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2012-2019 წლებში ივანიშვილი 10 რუსულ კომპანიას ფლობდა.
2022 წლის 4 მარტს ბიძინა ივანიშვილმა ბანკისგან გარკვეული ოდენობის თანხა გამოითხოვა, რომელიც მან მხოლოდ 1 თვის შემდეგ, 4 აპრილს მიიღო. ტრანზაქციის დაგვიანების მიზეზად Credit Suisse-მა “აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარება” დაასახელა, რომელშიც, ცხადია, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი იგულისხმება. მიუხედავად ამისა, ივანიშვილის PR ჯგუფმა უკმაყოფილება გამოხატა დაგვიანებული ტრანზაქციის მიმართ და განაცხადა, რომ ამან ბენეფიციარს დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა. ივანიშვილის მხარის მტკიცებით, ფინანსურ დავას პოლიტიკური სარჩული მოედო და ბენეფიციარი არა მხოლოდ ბანკის მხრიდან დისკრიმინაციის, არამედ პოლიტიკური ზეწოლის ობიექტიც გახდა.
გერნსის სასამართლო
ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს ამჟამად გერნსის სასამართლოში უჩივის. 2022 წლის მარტსა და აპრილში გამოჩენილი პრობლემების საპასუხოდ, ივანიშვილის მხარე ამბობს, რომ ბანკის ტრასტი ბენეფიციარის უფლებებს არღვევს, მის აქტივებს უსამართლოდ მართავს და, ყველაფერთან ერთად, კლიენტზე პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს. ივანიშვილის PR ჯგუფის განმარტებით, მას არანაირი კავშირი არ აქვს სანქცირებულ რუს ბიზნესმენებთან შესაბამისად, ბანკის ქმედებები არაოფიციალურ სანქცირებას ჰგავს.
გერნსის სასამართლომ უნდა განიხილოს Credit Suisse-ში დარჩენილი ივანიშვილის ქონების მართვის საკითხი. წარსული ფინანსური დავების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების უდიდესი ნაწილი გადაიტანა სხვა შვეიცარიულ ბანკში, თუმცა Credit Suisse-ში ჯერ კიდევ დარჩენილია მისი ქონების 5%. აღნიშნულ 5%-ს სინგაპურისა და გერნსის კუნძულების ტრასტები აკონტროლებენ. როგორც ივანიშვილის მხარე განმარტავს, ბენეფიციარს “უდავო ფულზე” წვდომა ეზღუდება - სწორედ ეს უნდა იყოს გერნსის სასამართლოს განხილვის საგანი.
ევროპარლამენტის რეზოლუციები და Credit Suisse
Credit Suisse-სთან ივანიშვილის მიმდინარე ფინანსურ დავაში უდიდესი როლი შეასრულეს ევროპარლამენტის რეზოლუციებმა.
2022 წლის 9 ივნისს ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა პირველი რეზოლუცია, რომელშიც იგი ევროსაბჭოს ივანიშვილის სანქცირებისაკენ მოუწოდებდა. Credit Suisse დღემდე აღნიშნულ დოკუმენტს იშველიებს, და ამბობს, რომ ვიდრე სასამართლო არ გადაწყვეტს, რომ ბანკმა დაუბრუნოს ივანიშვილს წვდომა საკუთარ ანგარიშებზე, მანამდე გერნსის ტრასტი ამას არ გააკეთებს.
რაც შეეხება მეორე რეზოლუციას, იგი ევროპულმა პარლამენტმა გასული წლის 14 დეკემბერს გამოაქვეყნა და ხელახალი რეკომენდაცია გასცა ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დადებასთან დაკავშირებით. მიუხედავად მოწოდებისა, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების გადაწყვეტილებით რეზოლუცია ძალაში არ შესულა. ხოლო უკვე 15 დეკემბერს სინგაპურის ტრასტმა ანგარიშებზე წვდომა დაუბრუნა ბენეფიციარს. სადავო ივანიშვილს მხოლოდ გერნსის ტრასტის მიერ კონტროლირებადი ანგარიში დარჩა.
სამომავლო პერსპექტივები და „ქართული ოცნების" პოზიცია
2023 წლის 25 იანვარს ბიძინა ივანიშვილის PR კომპანია კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია ბანკის მხრიდან საკუთარი ბენეფიციარის “არაფორმალურ სანქცირებაზე”.
ბიძინა ივანიშვილი გეგმავს, საჯარო გახადოს ის "პოლიტიკური ზეწოლის კამპანია", რომელსაც, ივანიშვილის მხარის მტკიცებით, Credit Suisse მის წინააღმდეგ ახორციელებს. როგორც ქართველი მილიარდერი ამტკიცებს, ეს ინფორმაცია რეპუტაციას შეულახავს როგორც Credit Suisse-ს, ისე მთელი შვეიცარიის საბანკო სისტემას.
Credit Suisse-ის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იურიდიული ფირმა MKD Law იცავს. თავის განცხადებებში კომპანია ცალსახად უარყოფს ივანიშვილის კავშირს რუსეთ-უკრაინის ომთან, საუბრობს პრობლემებზე, რომლებიც მას ფინანსური ტრანზაქციების დროს ექმნება და ბანკს მილიარდერის პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
ივანიშვილის მხარდამჭერ მსგავს რიტორიკას „ქართული ოცნების“ წევრებიც ხშირად იმეორებენ: პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, Credit Suisse ევროპარლამენტის რეზოლუციებს ივანიშვილის უფლებების შესალახად იყენებს.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, Credit Suisse ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის ფორმით შვეიცარიის საბანკო სისტემას ანგრევს.
მსგავსი ტიპის პოზიციას აფიქსირებს დედაქალაქის მერი კახა კალაძეც, რომლისთვისაც შვეიცარიული ბანკის ქმედებებს “რეკეტად” აფასებს.
ივანიშვილის მხარე აცხადებს, რომ “უკრაინაში კონფლიქტის” დაწყების შემდეგ Credit Suisse-ის ურთიერთობა ბენეფიციართან ფინანსურ სფეროს გასცილდა და პოლიტიკური გახდა. მილიარდერმა ახალი სარჩელი Credit Suisse-ის წინააღმდეგ გერნსში ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში შეიტანა. მიუხედავად ამისა, საქმის წარმოების დაწყების თარიღი რამდენჯერმე გადაიდო.