საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით წერილი მისწერა.
ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. პრემიერი წერს, რომ ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს.
„ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არც ერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა“, - აღნიშნულია წერილში.
პრემიერი მოხარულია, რომ ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტის „ყოვლად უსაფუძვლო“ მოწოდება არ გაიზიარეს, რის გამოც ევროკომისიის პრეზიდენტს მადლობას უხდის.
„ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული. ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს და ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლარიზაციის გაღვივებისთვის არ გამოიყენოს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
წერილში აღნიშნულია, რომ შეფასების დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა კომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, ნახსენებია სიტყვა დეოლიგარქიზაცია. პრემიერის განცხადებით, პოლიტიკური ოპონენტები და ევროპარლამენტში მათი ლობისტები ამ ჩანაწერს აქტიურად იყენებენ და აღნიშნავენ, რომ ევროპულმა კომისიამ დეოლიგარქიზაციის დათქმა დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო შეიტანა.
„ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე არავითარ ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას არ ფლობს და ოლიგარქად ვერავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური კრიტერიუმით ვერ შეფასდება“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იქნეს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, კომისია მკაფიოდ უნდა გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას.
„ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამ შემთხვევაშიც, ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ქართულ საზოგადოებაში შევინარჩუნოთ მაღალი ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ და ხელი შეეწყოს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას საქართველოში“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, იურიდიულმა კომპანია MKD-მა, რომელიც Credit Suisse-თან გლობალურ დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, 7 ივლისს განცხადება გაავრცელა. კომპანიის ინფორმაციით, ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, რომ სანქციების დაწესებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო, ბანკის ტრასტი სასამართლოს თანხმობის გარეშე, ტრანზაქციებს აღარ შეასრულებს. MKD ბანკს ივანიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.