კრიზისის ფონზე Credit Suisse შვეიცარიის ცენტრალური ბანკისაგან $54 მილიარდის სესხს აიღებს. სიახლის გავრცელებას ბანკის აქციების 30%-იანი ზრდა მოჰყვა.
რაც შეეხება ბანკის დასახმარებლად მარეგულირებლის ჩარევის წინაპირობებს, ამერიკული Silicon Valley Bank-სა (SVB) და Signature Bank-ის კოლაფსის შემდეგ, მსოფლიო საბანკო სისტემის ყურადღება ევროპისკენ გადმოვიდა. ორი ამერიკული ბანკის დახურვის ფონზე, ბევრი სხვა ევროპული ბანკის მსგავსად, Credit Suisse-ის აქციების მკვეთრი ვარდნა კვირის დასაწყისში დაიწყო. ამას მოჰყვა ინფორმაცია Credit Suisse-ის წლიური ფინანსური ანგარიშების დაგვიანების შესახებ მარეგულირებლის მიერ მათში აღმოჩენილი ხარვეზების გამო, რამაც აქციების ვარდნა გააძლიერა. შვეიცარიული ბანკის პრობლემის გამწვავების ახალი ეტაპი იყო უმსხვილესი მეწილის, საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის განცხადება, რომ Credit Suisse-ში დამატებით ინვესტირებას არ გეგმავს, რამაც ცხადი გახადა, რომ ბანკს ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება დამოუკიდებლად მოუწევდა. სწორედ ამას მოჰყვა ოთხშაბათს, შვეიცარიული ბანკის აქციების ვარდნის ახალი რეკორდი და 23.8%-ით დაცემა, რამაც თავის მხრივ ევროპის საბანკო ინდექსის 7%-იანი კლება გამოიწვია. იმავე დღეს, შვეიცარიის მარეგულირებელმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ სისტემურად მნიშვნელოვანი მსხვილი ბანკების დასახმარებლად. ხოლო უკვე ხუთშაბათს Credit Suisse-მა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ინვესტორთა ნდობის აღსადგენად, შვეიცარიის ცენტრალური ბანკისაგან 54 მილიარდი ამერიკული დოლარის სესხი აეღო.
2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ Credit Suisse პირველი გლობალური ბანკია, რომელსაც გადაუდებელი დახმარება გაეწია, რადგან მისმა ფინანსურმა პრობლემებმა ეჭვი გააჩინა, შეძლებენ თუ არა მსხვილი ბანკები ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლას საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვნად ზრდის გზით.
“ლიკვიდურობის გასაძლიერებლად Credit Suisse გადამწყვეტ ზომებს მიმართავს და შვეიცარიის ცენტრალური ბანკისაგან (SNB) 50 მილიარდი ფრანკის ოდენობის სესხს იღებს. ეს ხელს შეუწყობს Credit Suisse-ის მთავარ ბიზნესებსა და კლიენტებს. ამ აუცილებელი ნაბიჯებით Credit Suisse უფრო მარტივი და კლიენტების საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი უნდა გახდეს” - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
ცენტრალური ბანკის სესხის მიღების გარდა Credit Suisse-მა ასევე განაცხადა, რომ მან მილიარდობით დოლარის საკუთარი ვალი გამოისყიდა, რაც მოიცავს 2.5 მილიარდი აშშ დოლარისა და 500 მილიონი ევროს ობლიგაციებს. ამგვარად ბანკი უზრუნველყოფს, რომ უკეთ მართოს ვალდებულებები და პროცენტის გადახდის ხარჯები.
გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ბანკი არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რამაც გარკვეულწილად ზიანი მიაყენა მის რეპუტაციას კლიენტების და ინვესტორების თვალში, რასაც ისიც დაერთო, რომ Credit Suisse-მა რამდენიმე ტოპ აღმასრულებელი კადრიც დაკარგა.
მომხმარებლებმა შარშან Credit Suisse-დან 123 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი ($133 მილიარდი დოლარი) გაიტანეს, უმეტესად ბოლო კვარტალში, მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა ბანკის არასახარბიელო ფინანსური მაჩვენებლები. კერძოდ, ბანკის წლიური წმინდა ზარალი 7.9 მილიარდი დოლარი იყო, რაც ყველაზე დიდია 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ.
გამოწვევების საპასუხოდ, ოქტომბერში ბანკმა რადიკალური რესტრუქტურიზაციის შესახებ განაცხადა, რაც 9 000 თანამშრომლის გაშვებას, საინვესტიციო ბანკის დაშლას და სიმდიდრის მართვაზე ფოკუსირებას გულისხმობდა.
მსოფლიო საბანკო სისტემის კრიზისი და ევროპის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთების ზრდა შიშს ბადებს ინვესტორებში. Credit Suisse-ის მიერ აღებული სესხიც სწორედ ამ კრიზისს ეხმიანება: “ბანკის საფინანსო მდგომარეობის გამოკეთების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ეს გზა ბუნდოვანია”,- განაცხადა ტერეკ ჰორჩანმა, სინგაპურში Maybank Securities-ის საბროკერო სამსახურის ხელმძღვანელმა.
Credit Suisse 167 წელია არსებობს და იგი მსოფლიოს 30 ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტიტუტში შედის. შესაბამისად, საერთაშორისო ფინანსური სისტემის სტაბილურობისთვის ბანკის მნიშვნელობა უდიდესია. Credit Suisse შვეიცარიის რიგით მეორე უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია, რომელშიც 2022 წლის ბოლოსთვის $574 მილიარდის აქტივები იყო დაცული, რაც 37%-ით ნაკლებია 2020 წლისთვის ბანკში განთავსებულ $912 მილიარდთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიული ბანკის ერთ-ერთი კლიენტი "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელთანაც ბანკს მრავალწლიანი სამართლებრივი დავა აკავშირებს. მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ Credit Suisse Group-ს ხანგრძლივი სამართლებრივი დავის ფარგლებში ივანიშვილისთვის ამ დრომდე $210 მილიონი აქვს გადახდილი. ეს არის თანხა, რომელიც ბანკმა ჯამში, დროთა განმავლობაში, სასამართლო პროცესებისთვის მოსარჩელეს გადაურიცხა.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის ფინანსური დავები ახალი მიმართულებით განვითარდა. მას შემდეგ, რაც Credit Suisse-მა რუსი ოლიგარქები და მათთან დაახლოებული პირები ბანკში რუსული აქტივების გაყინვით დაასანქცირა, ბიძინა ივანიშვილს ტრანზაქციებზე პრობლემები მალევე შეექმნა.
ამჟამად ივანიშვილის ქონების 5% კვლავ Credit Suisse-შია დარჩენილი და მას ბანკის სინგაპურისა და გერნსის რწმუნებულები აკონტროლებენ. ივანიშვილის მხარის განმარტებით, ბენეფიციარს “უდავო ფულზე” ეზღუდება წვდომა, რაც გერნსისა და სინგაპურის სასამართლოს განხილვის მთავარი საგანია. Credit Suisse კი ევროპარლამენტის ივნისისა და დეკემბრის რეზოლუციებს იშველიებს და აცხადებს, რომ ქართველ მილიარდერს სასამართლოს თანხმობის გარეშე ფულზე წვდომა არ დაუბრუნდება. ამის გამო ივანიშვილი ბანკს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.