LIVE

Credit Suisse-ის მოქმედებები შვეიცარიის საბანკო სისტემას ანგრევს - კობახიძე

07 ივლ 202215:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 826
Credit Suisse-ის მოქმედებები შვეიცარიის საბანკო სისტემას ანგრევს - კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, Credit Suisse-ის მოქმედებები შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს ანგრევს.

„Credit Suisse-ის მოქმედებები ადასტურებს, რომ ვიღაც, რატომღაც არ  უფრთხილდება შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი შვეიცარიის საბანკო სისტემას ანგრევს, ასეთ დროს ნებისმიერი კლიენტის ნდობას კარგავს. მეორე, ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, მისი ნების წინააღმდეგ, ამაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს“, - აღნიშნა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას ნიშნავს.

„ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან გასვლის დროს განაცხადა, რომ ოჯახისთვის მხოლოდ 200 მლნ დოლარის აქტივებს იტოვებდა, დანარჩენი თანხა კი, მათ შორის Credit Suisse-ში განთავსებული თანხები, მთლიანად საქველმოქმედო ფონდში მიემართებოდა. ასეთ დროს როცა ვიღაც არახამია, რომელმაც საკუთარ თავს და იმ პრობლემებს უნდა მიხედოს, რომელიც საკუთარ ხალხს შეუქმნა, საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს, ეს უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას ნიშნავს. ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ქველმოქმედებაზე უკვე დახარჯული აქვს 3 მლნ დოლარი და მომავალშიც უამრავი პროექტია დაგეგმილი, მათ შორის, არის ტაძრების მოვლა-პატრონობა და აღდგენა, თეატრების აღდგება, თბილისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, მშენებლობა, განაშენიანება და ა.შ.“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, იურიდიულმა კომპანია MKD-მა, რომელიც Credit Suisse-თან გლობალურ დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, დღეს განცხადება გაავრცელა. კომპანიის ინფორმაციით, ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, რომ სანქციების დაწესებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო, ბანკის ტრასტი სასამართლოს თანხმობის გარეშე, ტრანზაქციებს აღარ შეასრულებს. MKD ბანკს ივანიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.