LIVE

2012-2019 წლებში ივანიშვილი 10 რუსულ კომპანიას ფლობდა, მინიმუმ ერთს კვლავ ფლობს - TI

27 აპრ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1185
2012-2019 წლებში ივანიშვილი 10 რუსულ კომპანიას ფლობდა, მინიმუმ ერთს კვლავ ფლობს - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ანგარიშის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით, მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა, რაც შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია. დღეის მდგომარეობით კი, ივანიშვილს იგივე სქემით სულ მცირე 1 კომპანია აქვს რუსეთში - შპს „აკვა-სფეისი“ (ООО Аква-Спейс).

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ამით დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა, 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლისას საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. მაშინ ოლიგარქმა განაცხადა, რომ რუსეთში კუთვნილ ბიზნესს გაასხვისებდა, რათა ქართულ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო ზედმეტი კითხვები. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილმა რუსეთში მხოლოდ მის სახელზე პირდაპირ რიცხული აქტივები გაყიდა.

TI-ს განცხადებით, რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც, რომლებსაც საერთო კომპანიები რუსეთის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან გააჩნიათ. „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ აღნიშნავენ, რომ ეს თავად ივანიშვილის ბიზნესინტერესებად შეიძლება ჩაითვალოს.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის დასანქცირების შემდეგ, ივანიშვილის ნათესავების ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი სანქცირებულთა სიაში მოხვდა.

„ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს კომპანია „გეო ორგანიკსის“ გავლით საერთო ბიზნესი აქვთ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ კაგებე-ს (სსრკ-ის სუკ-ის) გენერალ და სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორ გეორგი პოლტავჩენკოსთან და ასევე, ვოლგოგრადის ყოფილ გუბერნატორ როლანდ ხერიანოვთან, რომლის მეუღლეც, სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი და ცნობილი პროპაგანდისტული ვიდეოს – „ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ“ – ავტორი ანნა კუვიჩკოა“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში.

კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ბიზნესს ოფშორული კომპანიების, ნათესავებისა და წარმომადგენლების მეშვეობით ფლობს.

შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან ბერმუდის უზენაეს სასამართლოში არსებული საქმის მასალებში სხვადასხვა დროს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ წარმომადგენლებად ნახსენები არიან შემდეგი ადამიანები:

ირაკლი ღარიბაშვილი (მოქმედი პრემიერ-მინისტრი);

ირაკლი ქარსელაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი);

გიორგი ბაჩიაშვილი (საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე);

ზვიად ხუხუნაშვილი („ქართუ ბანკის” ფასიანი ქაღალდების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი).

„პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი ინარჩუნებს გავლენას საქართველოს მმართველ პარტიასა და მთელ რიგ ინსტიტუციებზე, სადაც დღემდე მის კომპანიებში, ან პირადად მასთან ნამუშევარი ადამიანები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, დემოკრატიულ ინსტიტუციებზე ამგვარი გავლენა სახელმწიფოს მიტაცებად კვალიფიცირდება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

TI-ს განცხადებით, სახელმწიფოს მიტაცების აშკარად გამოხატული ნიშნების ფონზე, როდესაც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს მტრულ სახელმწიფოში სერიოზული ბიზნესინტერესები გააჩნია, გარკვეული საფრთხე შეიძლება შეექმნას ქვეყნის უსაფრთხოებასა და მის საგარეო კურსს.