ბერმუდის სასამართლო აგრძელებს ბიძინა ივანიშვილის საჩივარის განხილვას Credit Suisse-ს წინააღმდეგ.
დღეს განხილვა Credit Suisse Life-ის ადვოკატმა სტივენ ტომპსონმა ივანიშვილის მიმართ კითხვით დაიწყო. ის დაინტერესდა, იცოდა თუ არა ბიზნესმენმა ზოგადად როგორ მუშაობს ასეთი პროდუქტები და რომ მას თავისუფლად შეეძლო $755 მილიონიანი ინვესტიციიდან თანხა გადაეტანა დეპოზიტზე ან ერთიანად გამოეტანა.
"რაც დღეს ვიცი არის ის, რომ Credit Suisse-მა დაკარგა ჩემი ფული. მე უბრალოდ მივეცი ფული Credit Suisse-ს და არ ვიცოდი, რომ ვინმეს შეეძლო თანხა გადაეტანა ან გაეტანა",- თქვა ივანიშვილმა.
Bloomberg-ი დღესაც წერს, რომ ივანიშვილი ბერმუდის სასამართლო დარბაზში მიმდინარე პროცესზე საქართველოდან, ვებლინკის საშუალებით ჩაერთო.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონებაც $6 მილიარდს აღემატება, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, $400 მილიონი გაქრა.
Credit Suisse მიიჩნევს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსაც ეკისრება. შვეიცარიული ბანკის ადვოკატის თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი საინვესტიციო გადაწყვეტილებებში საკუთარ როლს აკნინებს და თავს გულუბრყვილო ინვესტორად წარმოაჩენს.
მას შემდეგ, რაც ადვოკატმა არაერთხელ ჰკითხა ივანიშვილს 2015 წელს ხელმოწერილი დოკუმენტების თარიღებისა და დეტალების შესახებ, მათ შორის ლესკადრონის წინააღმდეგ პირველი საჩივრის შესახებ, სასამართლო პროცესზე ზედამხედველი მოსამართლე ორჯერ დაუპირისპირდა ბანკის ადვოკატს, ტომპსონს იმის შესახებ, თუ სად მიჰყავდა დაკითხვის ხაზი.
დღესვე მოგვიანებით, ჩვენება მისცა ივანიშვილის ბიზნესმენეჯერმა გიორგი ბაჩიაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ ბაჩიაშვილის თქმით, თავს ფინანსურად განათლებულად თვლიდა, Credit Suisse-თან დაკავშირება ივანიშვილმა დაავალა და ის აქტივების მართვაში არ მონაწილეობდა.
"ჩემი პასუხისმგებლობა იყო შედეგების გადმოცემა და არა ინვესტიციების ან მანდატების მონიტორინგი. ბანკის მხრიდან არ ყოფილა შემოთავაზებული, რომ მე ან ბატონ ივანიშვილს უნდა გვემართა საქმეები",- თქვა ბაჩიაშვილმა.
მისივე თქმით, მას რომ ახლა, ამ გამოცდილებით, ყველაფრის თავიდან გაკეთების საშუალება ჰქონდეს, თითოეულ ინვესტიციას შეამოწმებდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უგო მილერი