LIVE

Credit Suisse-მა ივანიშვილს ამ დრომდე $210 მლნ გადაუხადა - სინგაპურში სასამართლო განახლდა

16 თებ 202311:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1823
Credit Suisse-მა ივანიშვილს ამ დრომდე $210 მლნ გადაუხადა - სინგაპურში სასამართლო განახლდა
Daro Sulakauri/Bloomberg

Credit Suisse Group ამბობს, რომ ხანგრძლივი სამართლებრივი დავის ფარგლებში, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისთვის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის ამ დრომდე $210 მილიონი აქვს გადახდილი. 

შვეიცარიული ბანკის სპიკერის განცხადებით, ეს არის თანხა, რომელიც ბანკმა ჯამში, დროთა განმავლობაში, სასამართლო პროცესებისთვის მოსარჩელეს გადაურიცხა. ტრანზაქციების განხორციელების ზუსტი პერიოდი განცხადებაში მითითებული არ ყოფილა. 

Bloomberg წერს, რომ ეს განცხადება არის ყველაზე კონკრეტული აღიარება იმისა, თუ რა თანხა უჯდება Credit Suisse-ს სამართლებრივი დავა გლობალურად.

სინგაპურში ივანიშვილმა ბანკის ტრასტის ერთეულს ზარალის და, თანხის უსაფრთხოდ განთავსების შემთხვევაში, დაკარგული მოგების საკომპენსაციოდ $800 მილიონიგამო უჩივლა. 

Credit Suisse-ს ფრანგი ბანკირი პატრის ლესკოდრონი 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობისთვის სქემის გამო, რომელიც მან ივანიშვილის ანგარიშებიდან ფულის აღების მიზნით, სხვა კლიენტების პორტფელებს შორის მზარდი ზარალის დასაფარად გამოიყენა.  

სინგაპურის სასამართლოში დღეს განახლდა ორდღიანი მოსმენა, რითაც სექტემბერში დაწყებული სასამართლო პროცესი უნდა დასრულდეს. პროცესი Credit Suisse Trust-ის წარმომადგენლის ადვოკატების დასკვნითი სიტყვით დაიწყო

სექტემბერში მილიარდერმა პასუხისმგებლობა ბანკს და ტრასტს დააკისრა და თქვა, რომ რუსულ აქციებში გარკვეული ინვესტიციების გარდა, რაც მან Credit Suisse-ის მეშვეობით უფრო ადრე განახორციელა, საინვესტიციო გადაწყვეტილებები ლესკოდრონს მიანდო.  

Credit Suisse Trust მუდმივად ამტკიცებდა, რომ მისი პასუხისმგებლობა შემოიფარგლებოდა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქტივების ადმინისტრირებით და ივანიშვილი და მისი ქართველი მრჩეველი პასუხისმგებლები უნდა ყოფილიყვნენ მათი სახელით მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე.  

ბანკის თანახმად, ლესკოდრონი იყო „მარტოხელა მგელი“, რომელიც თავის დანაშაულს კოლეგებისგან მალავდა.