ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი ბრძოლა Credit Suisse-სთან სინგაპურში გრძელდება. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ემზადება შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ საჩივრის შესატანად $800 მილიონიანი ზარალის გამო, რომელიც, მისი თქმით, დაკავშირებულია თაღლით ბანკირთან.
მიმდინარე წლის დასაწყისში ბერმუდის სასამართლოში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახლა Credit Suisse-ის სხვა შვილობილ კომპანიას უჩივის, რათა დაიბრუნოს პატრის ლესკოდრონის მიერ გაფლანგული მოგება.
სარჩელი სინგაპურში ხუთი წლის წინ დაწყებული სასამართლო პროცესის ნაწილია. პატრის ლესკოდრონი, ყოფილი ბანკირი, 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობისთვის თითქმის ათწლეულის სქემისთვის, რომელშიც მან გააყალბა ხელმოწერები, რათა დაეშვა არაავტორიზებული ტრანზაქციები მისი კლიენტების ანგარიშებზე და თავიდან აეცილებინა მზარდი ზარალი. ივანიშვილი მისი ყველაზე მსხვილი კლიენტი იყო, რომელთანაც Credit Suisse-მა დააარსა საინვესტიციო კომპანიები სინგაპურში, ბერმუდასა და ახალ ზელანდიაში.
ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ დაახლოებით $800 მილიონს ითხოვენ - ეს არის თანხა აქტივების მითვისებიდან, ასევე ის ზარალი, რომელიც სხვა შემთხვევაში ივანიშვილს არ მიადგებოდა.
ლესკოდრონმა 2020 წელს თავი მოიკლა. ჟენევაში მიმდინარეობს გამოძიება იმის თაობაზე, არის თუ არა ბანკი სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებელი. გამოძიების ხელმძღვანელმა პროკურორმა აღმოაჩინა $60 მილიონის ღირებულების ტრანზაქცია, რომელიც, მისი აზრით, გათეთრდა ბანკის მეშვეობით.
ივანიშვილი და ლესკოდრონის სხვა რუსი კლიენტები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ბანკმა იცოდა არაორდინალური ქმედებების შესახებ და უნდა შეეჩერებინა ისინი, სანამ ბანკირი მრავალწლიან თაღლითობას დაიწყებდა. ბანკი მუდმივად აცხადებდა, რომ ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა და უმალავდა დანაშაულს კოლეგებსა და აღმასრულებლებს.
ივანიშვილის ადვოკატებმა ბანკს პირველად 2017 წელს უჩივლეს. ისინი ბანკიდან შიდა დოკუმენტების მოპოვებას ცდილობდნენ, რაც, მათი აზრით, ნათელს მოჰფენდა ბანკის ინფორმირებულობის დონეს ლესკოდრონის ქცევის შესახებ. თუმცა, CS Trust-ის იურისტები ამტკიცებენ, რომ ნებისმიერ ქმედებას 2011 წლის აგვისტომდე უნდა ჰქონდეს ხანდაზმულობის ვადა და რომ სინგაპური არ არის შესაბამისი იურისდიქცია ბანკის წინააღმდეგ საქმის აღძვრისთვის.
2018 წელს ახალი ზელანდიის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ივანიშვილის საჩივარი და დაადგინა, რომ შვეიცარია იყო შესაბამისი იურისდიქცია ნებისმიერი სასამართლო პროცესისთვის. CS Trust-ის იურისტები წარმატებით ამტკიცებენ, რომ სინგაპურში ნებისმიერი სამართალწარმოება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ CS Trust-ით და არა ციურიხის სათავო ოფისით.
“ყველა მნიშვნელოვან მომენტში, ივანიშვილის მიერ დანიშნული ინვესტიციების მენეჯერები იყვნენ პასუხისმგებელი და ახორციელებდნენ ინვესტიციების მართვის ყველა უფლებამოსილებას, გარდა CS Trust-ისა. CS Trust უარყოფს, რომ გადადგა რაიმე ნაბიჯი Mandalay Trust-ის აქტივების დასაცავად”, - წერენ იურისტები.
ბერმუდის საქმეში, კუნძულის სახელმწიფოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse Life-ის ადგილობრივმა ფილიალმა “თვალი დახუჭა ლესკოდრონის შეცდომებზე”.
სინგაპურში საქმეში ივანიშვილის გამარჯვების გარანტია არ არსებობს. ივანიშვილმა მოიგო პროცესი ბერმუდაში $607,5 მილიონის ზიანის ანაზღაურების სახით და მიმდინარე კვირის დასაწყისში CS Life-ს დაევალა, გადაიხადოს თანხა 5 სექტემბრამდე.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილს ბანკთან მიმდინარე წელსაც შეექმნა პრობლემა. კერძოდ, შვეიცარიულ ბანკთან დაპირისპირების ახალი ეპიზოდი Credit Suisse-ის ტრასტის მიერ ბიძინა ივანიშვილის თანხების გადარიცხვების შეფერხებებს უკავშირდება. ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, რომ სანქციების დაწესებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი ხსენების გამო, ტრასტი სასამართლოს თანხმობის გარეშე, ტრანზაქციებს აღარ შეასრულებს. ამის გამო ივანიშვილი ბანკს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და ამასთან, ბანკთან არსებულ პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰუგო მილერი