LIVE

თებერვალში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 672 209-მდე გაიზარდა

07 მარ 202312:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 436
თებერვალში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 672 209-მდე გაიზარდა

თებერვალში საარსებო შემწეობა საქართველოს 672 209 სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ აიღო. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4 541 ადამიანით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ იანვრიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკაში საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მონაწილეების შესახებ გაჩნდა ჩანაწერი. კერძოდ, იანვარში 30 571 იყო იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც, აღნიშნულ პროგრამაში ჩართვიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობა 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ. თებერვალში კი მათი რაოდენობა 33 394-მდე გაიზარდა. როგორც სააგენტოში „ბიზნეს ფორმულას“ განუმარტეს, თუ ოჯახის ერთი წევრი მაინც ჩართულია საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში, ოჯახს სოციალური შემწეობა 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება.

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე ბიუჯეტიდან ჯამში 57 645 891 ლარი დაიხარჯა.

თებერვალში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი სამუშაოებიდან 3 500 სოციალურად დაუცველი გაათავისუფლეს და მათ 300-ლარიანი ხელფასის ჩარიცხვა შეუწყდათ. მინისტრის თქმით, ხდება პროგრამის ფარგლებში დასაქმებულების დასწრებისა და სამუშაოს შესრულების მკაცრი მონიტორინგი.

სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა 2022 წლის პირველ მარტს დაიწყო. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული მოქალაქის ხელფასი 300 ლარია. ამასთან, თუ ბენეფიციარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, საქმიანობის ფორმალიზების შესაძლებლობა ეძლევა და ოჯახს 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება საარსებო შემწეობა. პრემიერმინისტრის თქმით, 200 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი საჯარო და კერძო სექტორში, 2-3 წელში დასაქმდება.  

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საზოგადოებრივ სამუშაოებში 30 000-მდე სოციალურად დაუცველი ჩაერთო, 8 811 სოციალურად დაუცველი კი ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა.