სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა დაიწყო. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, ამ ეტაპზე, 14 382 ვაკანსიაა. სააგენტოს ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს ახალი ვაკანსიების რეგისტრაცია.
პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი ის პირები არიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 ათასს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.
საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული პირი ხელფასის სახით 300 ლარს მიიღებს. პარალელურად კი ბენეფიციარს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება, სოციალურად დაუცველის სტატუსი და მასზე მიბმული ფულადი, თუ არაფულადი დახმარებები.
სააგენტოს ინფორმაციით, საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის ნაცვლად, ბენეფიციარს, დასაქმება შრომის ბაზარზე არსებულ სხვა ვაკანსიებზეც შეუძლია. თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატუსის განსაზღვრა ყოველწლიური გადამოწმების შედეგების საფუძველზე მოხდება.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.
შეგახსენებთ, პროგრამის დაწყება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ დააანონსა. მისი განმარტებით, პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები და სამინისტროები 50 ათასამდე ვაკანსიას მოაბილიზებენ.