LIVE

საზოგადოებრივი სამუშაოებიდან 3500 სოც. დაუცველი გაათავისუფლეს

17 თებ 202316:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 515
საზოგადოებრივი სამუშაოებიდან 3500 სოც. დაუცველი გაათავისუფლეს

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი სამუშაოებიდან 3 500 სოციალურად დაუცველი ადამიანი გაათავისუფლეს და მათ 300-ლარიანი ხელფასის ჩარიცხვა შეუწყდათ.

მისი განცხადებით, ხდება პროგრამის ფარგლებში დასაქმებულების მკაცრი მონიტორინგი.

„30 000-მდე ადამიანი უკვე ჩართულია სხვადასხვა სამუშაოებზე. საკმაოდ მკაცრი და კარგი მონიტორინგის სისტემა შევქმენით, რომელიც ადგილზე ამოწმებს დასაქმებულებს, დასწრებას თუ სამუშაოების შესრულებას. იძულებულები გავხდით, დაახლოებით 3 500 ადამიანი პროგრამიდან გაგვეთიშა და ხელფასის ჩარიცხვა შეგვეწყვიტა. ასევე, ის პრივილეგიაც მოიხსნა, რომ შევპირდით, 4 წლის განმავლობაში არ გადავამოწმებდით“,- განაცხადა მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე.

სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა 2022 წლის პირველ მარტს დაიწყო. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული მოქალაქის ხელფასი 300 ლარია. ამასთან, თუ ბენეფიციარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, საქმიანობის ფორმალიზების შესაძლებლობა ეძლევა და ოჯახს 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება საარსებო შემწეობა. პრემიერმინისტრის თქმით, 200 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი საჯარო და კერძო სექტორში, 2-3 წელში დასაქმდება.