LVMH-ის აქციების ფასი დღეს ახალ რეკორდულ დონემდე გაიზარდა, შედეგად, Reuters-ის გათვლებით, ფუფუნების საქონლის ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაციამ პირველად 400 მილიარდ ევროს გადააჭარბა და ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი განიმტკიცა.
სხვა ძვირადღირებული კომპანიების მსგავსად, LVMH-მაც ისარგებლა წელს მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის - ჩინეთის სწრაფი გახსნით. თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ აქციების შემდეგი მატება შეიძლება შენელდეს.
აქციების ფასი დღეს 0,4%-მდე გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს - 795,7 ევროს მიაღწია.
ამ თვის დასაწყისში, LVMH-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნარ არნომ ჯგუფში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები გაატარა. LVMH-ის მეორე უმსხვილესი ბრენდის, Dior-ის გენერალურ დირექტორად შვილი, დელფინ არნო დანიშნა. იმავე დღეს Dior-ის აღმასრულებელი დირექტორი პიეტრო ბეკარი დააწინაურა და Louis Vuitton-ის, LVMH-ის უმსხვილესი ბრენდის აღმასრულებელ დირექტორად გადაიყვანა.
ფრანგული ფუფუნების ბრენდის, LVMH-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნო ამჟამად $186 მილიარდს ფლობს და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია. მან პირველობა ილონ მასკს გასულ თვეში ჩამოართვა.