ილონ მასკმა ამჯერად Tesla-ს $3,6 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ჩანს.
საერთო ჯამში, მილიარდერმა წელს Tesla-ს $40 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა, რაც ინვესტორების იმედგაცრუებას და კომპანიის აქციების ფასის ვარდნას იწვევს.
აშშ-ის საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის მონაცემების თანახმად, ილონ მასკმა სამი დღის განმავლობაში კომპანიის 22 მილიონი აქციის გაყიდვა გადაწყვიტა.
ეს არის კომპანიის აქციების მე-2 უდიდესი გაყიდვა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში მასკმა Twitter-ის $44 მილიარდად საყიდლად Tesla-ს აქციები გაყიდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აქციების გაყიდვა შესაძლოა ახლაც იმავე გარიგებას უკავშირდებოდეს.
მასკის მიერ Twitter-ის შეძენა Tesla-ს ინვესტორების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან მიიჩნევენ, რომ ის მთელ ყურადღებას Twitter-ს უთმობს.
"ვესაუბრე უამრავ ინვესტორს, რომელიც Tesla-ს აქციებს ფლობს და ისინი ძალიან გაბრაზებულები არიან ილონზე", - ამბობს IG Markets-ის ანალიტიკოსი ტონი სიკამორი.
Refinitiv-ის მონაცემებით, Tesla-ში მასკის წილი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში 17%-დან 13,4%-მდე შემცირდა.
ილონ მასკმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი ორი დღის წინ დაკარგა. Bloomberg-ის მონაცემებით, მისი ქონება ახლა $161 მილიარდს შეადგენს და მილიარდერების სიაში მე-2 ადგილს იკავებს. მას $172 მილიარდით ფრანგი ბიზნესმენი, ბერნარ არნო უსწრებს.