LIVE

მასკი: Apple-მა Twitter-ზე რეკლამა განაახლა

04 დეკ 202218:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 559
მასკი: Apple-მა Twitter-ზე რეკლამა განაახლა

Apple-მა Twitter-ზე რეკლამა „სრულად განაახლა“, რაც ორ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. 

მასკმა Twitter Spaces-ში საუბრისას აღნიშნა, რომ Apple პლატფორმის რეკლამის უმსხვილესი განმთავსებელია. მილიარდერმა დისკუსიაში მონაწილეობა თავისი თვითმფრინავიდან მიიღო. მასკს Apple-თან თანამშრომლობის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.  

Platformer News-მა წყაროს მითითების გარეშე გაავრცელა ინფორმაცია, რომ Twitter-ში რეკლამის განახლებას გეგმავს Amazon.com-იც. 

მასკმა Apple გასულ კვირას გააკრიტიკა და თქვა, რომ ის App Store-დან Twitter-ის აპლიკაციის წაშლით დაემუქრა. 

მან ამ თემას ტვიტების სერია მიუძღვნა და Apple-ის App Store-ის საკომისიო მოიხსენია, როგორც "გასაიდუმლოებული 30%-იანი გადასახადი", იქვე გამოკითხვაც ჩაატარა და დასვა კითხვა: "უნდა გაასაჯაროოს თუ არა Apple-მა მის მიერ გადადგმული ცენზურის ყველა ნაბიჯი, რაც მომხმარებელზე აისახება". მასკმა Apple იმაშიც დაადანაშაულა, რომ ტექნოგიგანტმა Twitter-იდან საკუთარი რეკლამის დიდი ნაწილი მოხსნა.

მოგვიანებით Apple-ისა და Twitter-ის დირექტორებს შორის შეხვედრა გაიმართა. მასკის თქმით, ტიმ კუკმა მისცა გარანტია, რომ Apple-ი App Store-დან Twitter-ის აპლიკაციას არ წაშლის. 

მას შემდეგ, რაც მასკმა Twitter იყიდა და მისი აღმასრულებელი დირექტორი გახდა, პლატფორმაზე რეკლამა რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ შეაჩერა. მათ შორისაა General Mills და Pfizer. გუშინ მასკმა გამოაქვეყნა ტვიტი, სადაც რეკლამის განმთავსებლებს Twitter-ზე დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა.