LIVE

Balenciaga შეუერთდა ბრენდებს, რომლებიც Twitter-ს ტოვებენ

15 ნოე 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 384
Balenciaga შეუერთდა ბრენდებს, რომლებიც Twitter-ს ტოვებენ

Balenciaga, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, მოდის პირველი სახლია, რომელიც twitter-ის გამოყენებაზე უარს, მისი ახალი მფლობელის, ილონ მასკის უახლესი გადაწყვეტილებების გამო, ამბობს. 

Twitter-ზე Balenciaga-ს ანგარიშს 950 000 გამომწერი ჰყავდა. ამ დროისთვის გვერდი ქსელში არ იძებნება. 

Balenciaga ერთ-ერთი ბოლო კომპანიაა, რომელმაც პლატფორმა დატოვა. მათთვის მიუღებელია ახალი მფლობელის გადაწყვეტილებები, რომლებიც თანამშრომლების ნახევრის გათავისუფლებას, ფასიანი ვერიფიკაციის სერვისის შემოღებას და რეკლამის მოდერაციის პოლიტიკის შემსუბუქებას გულისხმობს, რამაც ქსელში ყალბი ანგარიშების გამრავლება გამოიწვია. ამავდროულად, მასკის სურვილი, ქსელი სიტყვის თავისუფლების ადგილად იქცეს, სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის გავრცელების რისკს ზრდის. 

ვერიფიცირებული, მაგრამ ყალბი Eli Lilly-ის მიერ გამოქვეყნებულმა ტვიტმა: "ინსულინი ახლა უფასოა", კომპანიის აქციების ვარდნა გამოიწვია

ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიც General Motors, Volkswagen, Pfizer და General Mills არიან, პლატფორმაზე რეკლამის გაშვება შეაჩერეს. 

ქსელის დატოვების შესახებ განაცხადა ჟურნალმა Playbill-მაც.

"სიძულვილის, ნეგატივისა და დეზინფორმაციისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების გამო, სოციალური მედიის პლატფორმასთან ჩვენი ურთიერთობა დასრულდა", - აღნიშნულია განცხადებაში. 

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) განაცხადა, რომ "ღრმა შეშფოთებით" ადევნებს თვალს Twitter-ში მიმდინარე მოვლენებს მას შემდეგ, რაც თანამდებობა კონფიდენციალურობისა და შესაბამისობის დაცვის სამმა ოფიცერმა დატოვა, რადგან ეს ზრდის მარეგულირებლის ბრძანებების დარღვევის ალბათობას. 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა Twitter-ის ახალ მფლობელს, ილონ მასკს ღია წერილი გაუგზავნა და ორგანიზაციაში ადამიანების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა. კომპანიის მიერ გათავისუფლებულთა შორის აღმოჩნდა ადამიანის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი გუნდი, რაც კომისარმა უარყოფითად შეაფასა.  

გასულ კვირას ილონ მასკმა განაცხადა, რომ Twitter-ის გაკოტრებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, Twitter ვერ გადაურჩება მომავალ ეკონომიკურ ვარდნას, თუ ის შემცირებულ სარეკლამო შემოსავალს გამოწერებით მიღებული შემოსავლით არ აანაზღაურებს. მისი განცხადებით, კომპანიამ მომავალ წელს შეიძლება მილიარდობით დოლარი დაკარგოს. 

ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვის შესახებ $44-მილიარდიანი გარიგება გასული თვის ბოლოს დაასრულა. კომპანიის ყიდვის შემდეგ კი განაცხადა, რომ Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი თვითონ იქნება.