LIVE

მასკი Apple-თან ომისთვის ემზადება

29 ნოე 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 463
მასკი Apple-თან ომისთვის ემზადება

Twitter-ის ახალი მფლობელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ Apple App Store-დან Twitter-ის აპლიკაციის წაშლით დაემუქრა. "თუმცა არ განუმარტავს, რატომ",- დაწერა მასკმა საკუთარ ტვიტში.

მან ამ თემას ტვიტების სერია მიუძღვნა და Apple-ის App Store-ის საკომისიო მოიხსენია, როგორც "გასაიდუმლოებული 30%-იანი გადასახადი", იქვე გამოკითხვაც ჩაატარა და დასვა კითხვა: "უნდა გაასაჯაროოს თუ არა Apple-მა მის მიერ გადადგმული ცენზურის ყველა ნაბიჯი, რაც მომხმარებელზე აისახება". მასკმა Apple იმაშიც დაადანაშაულა, რომ ტექნოგიგანტმა Twitter-იდან საკუთარი რეკლამის დიდი ნაწილი მოხსნა.

საქმე იმაშია, რომ Apple-ის ჩაკეტილი ეკოსისტემის პირობებში, App Store ერთადერთი გზაა iPhone-ის მომხმარებლებამდე კონკრეტული აპლიკაციის მისატანად. თუ Apple მართლაც მოხსნის Twitter-ს საკუთარი App Store-დან, სოციალური ქსელი ერთ-ერთ მთავარ გავრცელების პლატფორმას დაკარგავს. მიუხედავად იმისა, რომ სერვისი ხელმისაწვდომი იქნება ვებ ბრაუზერში.

გარდა ამისა, Apple iPhone-ის მოწყობილობაში აპლიკაციების მიმწოდებლებს მათ პლატფორმაზე გაყიდვებიდან მიღებული თანხის 15-30%-იან საკომისიოს ართმევს. მასკის გეგმაა, რომ Twitter-ის ხელმომწერებისგან მილიარდობით დოლარის შემოსავალი მიიღოს, მათ შორის Twitter Blue-ს მეშვეობით და თუ ეს მართლაც ასე მოხდება, გამოდის, რომ Apple ამ შემოსავლის მნიშვნელოვან წილს წაიღებს. როგორც ჩანს, ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც ორი ტექნოლოგიური გიგანტი ვერ თანხმდება.

Apple-ის მაღალი საკომისიოები App Store-ში არაერთხელ გამხდარა მსჯელობის და კრიტიკის საგანი. მათ შორის, Spotify-ს და Epic Games-ის მხრიდან, თუმცა ამ თემაზე მასკის მხრიდან გამახვილებული ყურადღება სხვაა. ის ხომ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. შესაბამისად, როცა Apple-ის პოლიტიკას უკვე მასკიც აკრიტიკებს, ეს სხვა დონის ამბავია და უახლოეს მომავალში, შესაძლოა Apple-ის მთავარ გამოწვევადაც კი იქცეს, თუკი მხარეები რამე შეთანხმებამდე ვერ მივლენ.

ამ ეტაპზე Apple ამჯობინებს დუმილი შეინარჩუნოს მასკთან დაკავშირებით. თუმცა, თავად მასკი, როგორც ჩანს, დუმილს არ გეგმავს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა არაერთი ნიშანი არსებობს, რომ Apple მონდომებით აკვირდება, შემთხვევით ხომ არ ეწინააღმდეგება მასკის ახალი შენაძენი, Twitter მისი App Store-ის პოლიტიკას.

New York Times-ზე Twitter-ის ერთ-ერთი ყოფილი მენეჯერის მიერ გამოქვეყნებული ოპედის თანახმად, App Store-ების წარმომადგენლებმა, მათ შორის სავარაუდოდ Apple-მა და Google Play-მ, Twitter-ს მიმდინარე თვეში უკვე მიმართეს პრეტენზიით, რომ მის პლატფორმაზე სიძულვილის ენასთან დაკავშირებული პრობლემებია.

ამას ემატება ისიც, რომ Apple-ის ყოფილმა მარკეტერმა, ფილ შილერმა Twitter-ზე საკუთარი ანგარიში წაშალა, მას შემდეგ რაც სოციალური ქსელი მასკის ხელში გადავიდა.

Apple-ის აპლიკაციებზე ზედამხედველობის ყოფილ მენეჯერს და Identity.com-ის ახლანდელ აღმასრულებელ დირექტორს, ფილიპ შუმეიქერს შილერის ქმედება საკუთარი ანგარიშის გაუქმებასთან დაკავშირებით აფიქრებინებს, რომ კომპანია მასკთან "ომისთვის ემზადება". შესაბამისად, მას აქვს მოლოდინი, რომ Apple-ის აპლიკაციებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი მასკის დაქვემდებარებაში მყოფი Twitter-ის კონტენტს გამადიდებელი შუშით დააკვირდება, რათა შეუსაბამო კონტენტი აღმოაჩინოს და შემდეგ სათანადო ნაბიჯები გადადგას.

"ეს ქმედება იმას გავს, როცა შენი ჯარი გაგყავს ტერიტორიიდან, ვიდრე მასზე თავდასხმას განახორციელებ," - განაცხადა შუმეიქერმა.

ახლა მოქმედი წესების თანახმად, Apple-ს Twitter-ის App Store-დან მოხსნის ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

  1. Apple ამ ტიპის აპლიკაციებისგან მოითხოვს, რომ კონტენტის მოდერაციის ძლიერი ინსტრუმენტები ჰქონდეთ. სწორედ კონტენტის მოდერაციის ხარისხი იყო მიზეზი, რის გამოც Apple-მა 2020 წელს App Store-დან Parler ჩახსნა. ამ ფონზე, არის ცნობები, რომ მასკმა სოციალური ქსელის კონტენტის მოდერაციის გუნდი საგრძნობლად შეამცირა.
  2. Apple ითხოვს მის პლატფორმაზე განთავსებული აპლიკაციის ციფრული გაყიდვებიდან 15-30%-იან წილს. როცა Epic Games-მა სცადა ამ ხარკისთვის თავი აერიდებინა, Apple-მა ის ასევე ჩახსნა App Store-დან. თუ Twitter-იც შეეცდება ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას, Apple სავარაუდოდ იგივეს გააკეთებს.

არის სხვა მიზეზებიც, Twitter-ის გასაშავებლად. მაგალითად, Apple-ის პოლიტიკასთან შეუსაბამო კონტენტი. ამ ტიპის დარღვევების გამოვლენაზე App Store-ში სპეციალურად დაქირავებული კადრები ჰყავთ, რომლებიც რეგულარულად ამოწმებენ პლატფორმებს.

მასკი Apple-ს წლებია ერჩის და როგორც ჩანს, ეს პროცესი ძალიანაც მოსწონს. მას წარსულშიც გაუკრიტიკებია ტექნოლოგიური გიგანტის მიერ App Store-ში განთავსებული აპლიკაციების შემოსავლებიდან წაღებული ლომის წილი, მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს აპლიკაციაში შესყიდვების განხორციელება შეუძლებელია. მან თავის დროზე Apple-ს ელექტრომობილების შექმნის გეგმაც დაუწუნა, მიუხედავად იმისა, რომ ამ გასაიდუმლოებულ პროექტს მზის სინათლე არც არასდროს უნახავს. 2015 წელს მასკმა დემონსტრაციულად განაცხადა, რომ Apple მხოლოდ Tesla-ს მიერ დაწუნებულ თანამშრომლებს ქირაობს და კომპანიას ირონიულად "Tesla-ს სასაფლაოც" უწოდა.

თუმცა, მასკის ბოლო განცხადება აღარც ირონიულია და აღარც შეჯიბრებითობით განპირობებული. მისი ბოლო განცხადება ცხადი ნიშანია იმისა, რომ მასკი Apple-ის მკაცრ წესებთან საჯარო ომისთვის ემზადება. ერთ-ერთ ტვიტში მან გამოაქვეყნა მიმი, სადაც მანქანა გზაზე ორი არჩევანის წინაშე დგას - "გადაიხადე 30%" და "წადი ომში". მანქანა ბოლო ვარიანტს ირჩევს, ანუ გაგრძელება იქნება.