მაშინ, როცა ბევრი ეკონომიკა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გავლენით ზარალდება, რამდენიმე ქვეყანა რუსი მიგრანტების ნაკადით სარგებლობს,- წერს ამერიკული გამოცემა cnbc.
cnbc-ის მიხედვით, სომხეთთან და თურქეთთან ერთად, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც არეულობის ფონზე, მიგრანტებმა ეკონომიკური ბუმი გამოიწვიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, წელს საქართველოში სულ მცირე 112 000 რუსი მიგრანტი შემოვიდა.
გამოცემა წერს, რომ მიგრანტებმა დიდი გავლენა მოახდინეს საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც პანდემიის შემდეგ, ისედაც გაიზარდა. აშშ დოლართან მიმართებით, ქართული ლარი 15%-ით გამყარდა და სამწლიან მაქსიმუმზე ივაჭრება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკის პროგნოზი გაზარდა და ახლა მიმდინარე წელს 10%-იან ზრდას ელის. ფონდმა ამის ერთ-ერთ მიზეზად მიგრანტების და ფინანსური ნაკადების შემოდინება დაასახელა.
გამოცემა ასევე წერს, რომ საქართველოში წელს კაპიტალის მკვეთრი შემოდინება დაფიქსირდა, რაც ძირითადად ასევე რუსეთის ხარჯზე მოხდა. მხოლოდ ოქტომბერში საქართველოს საგარეო კაპიტალის შემოდინების სამი მეხუთედი (59.6%) რუსეთზე მოდის.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვლიდან ოქტომბრამდე რუსებმა ქართულ ანგარიშებზე $1.4 მილიარდი გადმორიცხეს, რაც ოთხჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადმორიცხულ $314 მილიონთან შედარებით.
ამასთან, რუსებმა, სექტემბრამდე, საქართველოში 45 000-ზე მეტი საბანკო ანგარიში გახსნეს, რითაც ქვეყანაში რუსული ანგარიშების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრამდე 12 093 ახალი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 13-ჯერ აღემატება 2021 წლის მთლიან მაჩვენებელს.
გამოცემის თანახმად, მიგრანტებს საქართველო მდებარეობის გარდა, ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკითაც იზიდავს.
მიგრანტებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს საბინაო ბაზარზე. მიგრაციის მეორე ტალღამ ოქტომბერში თბილისში ბინის ქირაზე ფასები რეკორდულად გაზარდა. „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, გასულ თვეში გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე წლიურად ფასი 120%-ით, ხოლო თვის ჭრილში 25%-ით იყო გაზრდილი. შედეგად, ოქტომბერში თბილისში ერთ კვადრატულ მეტრზე ქირის საშუალო ფასმა $11.2 შეადგინა.
გამოცემა საქართველოს მთავრობაზე, ეროვნულ ბანკზე და IMF-ზე დაყრდნობით, წერს, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება. IMF მომავალ წელს 5%-იან ზრდას ელის.
„მოსალოდნელია, რომ 2023 წელს, საგარეო შემოდინების შემცირების, გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობების გაუარესების ფონზე, ეკონომიკის ზრდა და ინფლაცია შენელდება“, - ნათქვამია IMF-ის დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ზრდაში მიგრანტების ეფექტს უარყოფს და პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ ორნიშნა ზრდის მიზეზი "მთავრობის წინდახედულობა და პრაგმატული ეროვნული პოლიტიკაა". ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიგრანტების კონტექსტში გადათარგმნა, შეცდომაა.