მიგრაციის მეორე ტალღამ ოქტომბერში თბილისში ბინის ქირაზე ფასები რეკორდულად გაზარდა.
„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, გასულ თვეში გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე წლიურად ფასი 120%-ით, ხოლო თვის ჭრილში 25%-ით იყო გაზრდილი. შედეგად, ოქტომბერში თბილისში ერთ კვადრატულ მეტრზე ქირის საშუალო ფასმა $11.2 შეადგინა.
ანალიტიკურ ორგანიზაციაში ქირაზე ფასის მკვეთრ ზრდას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში წამოსული მიგრანტების მეორე ტალღას და შესაბამისად, მიგრანტების მხრიდან ქირაზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებენ.
ამასთან, როგორც „თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსმა, ირინა კვახაძემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, მიგრანტების მხრიდან მზარდ მოთხოვნას გარკვეული გავლენა გასაყიდი უძრავი ქონების ფასზეც აქვს.
„ოქტომბერში ქირის ფასმა მორიგი რეკორდი მოხსნა და ჩვენი შეფასებით, ასეთი ზრდის მიზეზი სწორედ მიგრაციის მეორე ტალღა იყო, როდესაც ოქტომბერში დამატებით ბევრი მიგრანტი ეძებდა საცხოვრებელ ადგილს თბილისში. რაც შეეხება შემდეგ თვეებს, მოსალოდნელია, რომ ქირაზე ფასის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, თუმცა არა ამ ტემპებით. ქირაზე მოთხოვნის ზრდა უძრავი ქონების გასაყიდ ფასებსაც ზრდის. არსებული ვითარების გამო იზრდება უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობა, სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს ბინას შემდგომი გაქირავების მიზნით და შესაბამისად, გასაყიდ საცხოვრებელ ბინებზე მზარდი მოთხოვნა ფასის ზრდასაც იწვევს“, - განაცხადა ირინა კვახაძემ.
რაც შეეხება გასაყიდი უძრავი ქონების ფასებს, „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, ოქტომბერში საცხოვრებელი ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 28%-ით, ხოლო თვიურ ჭრილში 7.2%-ით იყო გაზრდილი. გასულ თვეს ერთი კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდი ფასი $1.037 იყო.