LIVE

სამედიცინო კოლაფსი და ექთნების დეფიციტი - როგორ იმუშავა მინიმალურმა ხელფასმა

23 ნოე 202610:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 32
სამედიცინო კოლაფსი და ექთნების დეფიციტი - როგორ იმუშავა მინიმალურმა ხელფასმა

„სამედიცინო კოლაფსი იქნება და წლების სტატისტიკა გვიჩვენებს ამას, რომ დღეს ნამდვილად კადრების პრობლემა გვაქვს” – ასე აღწერს მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი ამირანაშვილი სამედიცინო სფეროში შექმნილ ვითარებას მინიმალური ხელფასის დაწესებიდან 3 წლის შემდეგ.

მას შემდეგ, რაც 2023 წელს ექთნებისთვის მინიმალური ხელფასი კანონით განისაზღვრა, მათი საშუალო ხელფასი 700 ლარზე ნაკლები აღარ არის, თუმცა არც მეტი და რეგულაციამ ექთნების დეფიციტის პრობლემა ვერ მოაგვარა. მეტიც, ექთნების უმეტესობას რამდენიმე სამსახურში უწევს მუშაობა, რომ მინიმალური ანაზღაურებებით როგორმე საკმარისი შემოსავალი მიიღოს თვიდან თვემდე თავის გასატანად.

ამირანაშვილი ამბობს, რომ არაერთმა დამსაქმებელმა მინიმალური ანაზღურების დაწესების შემდეგ, კლინიკების ნაწილმა სრულად ისარგებლა იმ უფლებით, რაც მას ხელისუფლებამ მიანიჭა ექთნებზე ზრუნვის მოტივით და დასაქმებულებს ხელფასი შეუმცირა სავალდებულო მინიმუმამდე.

„არიან სამედიცინო დაწესებულებები, სადაც არა 4 ლარს და 40 თეთრს, არამედ მეტსაც უხდიან და ჩვენ, პროფკავშირები, მივესალმებით, რა თქმა უნდა. თუმცა, უმრავლესობა არ უხდის, ასე ვთქვათ ღირსეულ ანაზღაურებას, ანუ იმაზე მეტს, რაც არის მინიმალურად მითითებული და კანონში ჩაწერილი. შესაბამისად, ზოგმა დამსაქმებელმა ექთანს ასისტენტი მოუხსნა, რადგანაც ეს თანხა უნდა გადაეხადა. ეს ფაქტიც დაფიქსირდა და არის დამსაქმებელი, რომელმაც მაღალ ანაზღაურებას დააკლო, ანუ ტყუილი გამოუვიდა, რომ მას სამინისტრო აიძულებს 4 ლარი და 40 თეთრი გადაიხადოს. სინამდვილეში, შრომის ინსპექცია ამას არ აიძულებს, უბრალოდ აიძულებს იმას, რომ კანონთან შესაბამისობაში მინიმუმ გადაუხადოს ის, რაც კანონში არის ჩაწერილი. ახლა წარმოიდგინეთ, 1 საათი 3 ლარი და 50 თეთრის გულისთვის, რასაც ხელზე იღებენ, იდექი ფეხზე და ამხელა საპასუხისმგებლო საქმეს ემსახურე. იმ საქმეს, რომელსაც წლები დასჭირდა, რომ მათ ესწავლათ და შემდგარიყვნენ პროფესიონალებად. წარმოიდგინეთ, თქვენ რომ გაათენოთ ღამე ერთ სამსახურში და მერე წახვიდეთ მეორე სამსახურში, რამდენად შრომისუნარიანი იქნებით? რა თქმა უნდა, ეს ხარისხზე ისახება," განმარტავს მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარე და თვლის, რომ ყველა დამსაქმებელმა გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამედიცინო კოლაფსის თავიდან ასარიდებლად.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ექიმების სიჭარბე და ექთნების დეფიციტი აჩვენა 2023 წელს Galt & Taggart-ის კვლევამ. შესადარის ქვეყნებს შორის საქართველოში ექიმების რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე მზარდია და 2021 წელს 1 000 მოსახლეზე 6.1-ს მიაღწია, რაც OECD-ს საშუალოზე ორჯერ მეტია.

საპირისპიროდ, სახეზეა ექთნების სიმცირე. უფრო კონკრეტულად, საქართველოში თითო ექიმზე მხოლოდ ერთი ექთანი მოდის, ევროპის ქვეყნებში კი - 2-დან 5-მდე. შედეგად, ქართველი ექიმები 3-5-ჯერ ნაკლებად პროდუქტიულები არიან ევროპელ კოლეგებთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ ნაკლებ პაციენტს ემსახურებიან.

საქტატის თანახმად, გასულ წელს საქართველოში 21 262 ექთანი და მეანი ექთანი საქმიანობდა.

2023 წლიდან, ექთნების მინიმალური დაუბეგრავი ხელფასი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა. 2024 წლიდან კი, მინიმალური სახელფასო ზღვარი ზღვარი ამოქმედდა სხვა პოზიციებზე დასაქმებულთათვისაც. შედეგად, დღეს უმცროსი ექიმის დარიცხული ანაზღაურება უნდა იყოს საათში არანაკლებ 5 ლარი (თვეში 960 ლარი), ეთქნის თანაშემწის - არანაკლებ 3,5 ლარი (თვეში 672 ლარი), სანიტარი - საათში 3 ლარი (თვეში 576 ლარი) და ბებიაქალი - საათში 4,4 ლარი (თვეში 844 ლარი).