საქართველოში ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ $3 მილიარდ 316 მილიონამდე ფულადი გზავნილი მიიღო, რაც გასულ წელს ჯამურად მიღებულ გზავნილებს 41%-ით აღემატება.
ზრდის ძირითადი მიზეზი რუსეთიდან გადმორიცხვებია. 10 თვეში რუსეთიდან $1 მილიარდ 434 მილიონის ფულადი გზავნილი შემოვიდა. თანხის მოცულობა, 2021 წელს რუსეთიდან ჯამურად მიღებულ გზავნილებს 3.5-ჯერ აღემატება.
რაც შეეხება მხოლოდ ოქტომბრის მონაცემებს, გასულ თვეში ქვეყანამ ჯამში $502 მილიონამდე გზავნილი მიიღო. ამ თანხის დიდი ნაწილი, $299 მილიონზე მეტი, რუსეთიდან გადმოირიცხა. წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, რუსეთიდან გზავნილები 726%-ითაა გაზრდილი.
TOP-10 ქვეყანა, საიდანაც ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა შემდეგია:
- რუსეთის ფედერაცია - $299.28 მლნ / ზრდა 726%;
- იტალია - $35.72 მლნ / ზრდა 8%;
- აშშ - $29.98 მლნ / ზრდა 26%;
- საბერძნეთი - $19.13 მლნ / კლება 0.27%;
- ისრაელი - $16.43 მლნ / ზრდა 8%;
- ყირგიზეთი - $16.21 მლნ / ზრდა 164%;
- გერმანია - $15.44 მლნ / ზრდა 42%;
- თურქეთი - $8.90 მლნ / ზრდა 4%;
- ყაზახეთი - $8.32 მლნ / ზრდა 13%;
- სომხეთი - $4.97 მლნ / ზრდა 346%.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ არსებობდა მოლოდინი, რომ საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები შემცირდებოდა. აზიის განვითარების ბანკი (ADB) პროგნოზირებდა, რომ უკრაინაში ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, საქართველოში ფულადი გზავნილები წელს $1.8 მილიარდამდე შემცირდებოდა, თუმცა საქართველოში რუსეთიდან მიგრანტების მზარდი ნაკადის პარალელურად, ტენდენცია საპირისპიროდ განვითარდა.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში რუბლს გზავნის, დოლარში ახურდავებს, უცხოურ ვალუტას რუსეთში აბრუნებს და მოგების მიზნით შავ ბაზარზე ყიდის. PMC-ის განმარტებით, ეს ფაქტორი შესაძლოა რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების მკვეთრი მატების მიზეზი იყოს. სწორედ რუსეთიდან გაზრდილ გზავნილებს ასახელებს ეროვნული ბანკი ლარის გამყარების ერთ-ერთ მიზეზად.