LIVE

გზავნილები, მიგრანტებიდან და ტურისტული შემოსავლები - რა ამყარებს ლარს

26 ოქტ 202216:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 1019
გზავნილები, მიგრანტებიდან და ტურისტული შემოსავლები - რა ამყარებს ლარს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, მესამე კვარტალში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა კვარტალთან შედარებით აშშ დოლართან 5.8%-ით, ხოლო ევროს მიმართ 11%-ით გამყარდა.

რაც შეეხება მიზეზებს, მარეგულირებელი ეროვნული ვალუტის გამყარებას შემდეგი ფაქტორებით ხსნის:

  • ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა;
  • ტურისტული შემოსავლები;
  • მიგრანტებიდან შემოსავლები.

2022 წლის მესამე კვარტალში ლარი განაგრძობდა გამყარებას თურქულ ლირასთან, რამაც 17.5% შეადგინა, ხოლო რუსულ რუბლთან კი 4.3%-ით გაუფასურდა. ამავე პერიოდში, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 9.7%-ით, ხოლო წლიურად კი 29.1%-ით გამყარდა.

სებ-ის თანახმად, კვლავ გამყარებული რჩება რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელიც ასახავს ლარის კურსის ცვლილებას ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ, სამომხმარებლო ფასების ინდექსებს შორის თანაფარდობის ცვლილების გათვალისწინებით. კერძოდ, 2022 წლის მესამე კვარტალში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 8%-ით და წლიურად 18%-ით გამყარდა.

„რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, გამოწვეულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირებით. შესაბამისად, გაცვლითი კურსის სამომავლო საშუალოვადიანი დინამიკაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ რეალური გაცვლითი კურსის გამყარება ფიქსირდება ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების უმეტესობასთან მიმართებაში, გარდა რუსეთისა და სომხეთისა“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ თუ რუსეთიდან ფულადი ნაკადების მკვეთრი შემცირება მოხდება, ეს სავალუტო ბაზარზე გაუფასურების მიმართულებით წნეხს წარმოქმნის, რაც თავის მხრივ, მაღალი დოლარიზაციის გათვალისწინებით, შუალედური ხარჯებისა და მოლოდინების არხით ინფლაციურ წნეხს გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდის მთავარი წყარო რუსეთის ფედერაციაა, რომელზეც 9 თვეში საქართველოში გადმორიცხული თანხის 40.34% მოდის. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რუსეთიდან 1 მლრდ 135 მლნ დოლარის გზავნილი მიიღო, რაც დაახლოებით 3-ჯერ მეტია ჯამურად 2021 წელს რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებზე.

რაც შეეხება ტურიზმიდან შემოსავლებს, ოფიციალურად კვლავ ვერ ხერხდება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსი მიგრანტების ხარჯების ტურიზმის სტატისტიკისგან გამიჯვნა. მიგრანტების ხარჯები, სტატისტიკური მეთოდოლოგიის მიხედვით, ტურიზმიდან შემოსავლებში აისახება. სებ-ის მონაცემებით, მხოლოდ სექტემბერში რუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოსი 95 მლნ 500 ათასი დოლარი დახარჯეს. 9 თვის მონაცემებით, მათი ჯამური დანახარჯი 563 მლნ 400 ათასი დოლარი იყო.

ეროვნული ბანკის შეფასებითუკრაინაში ომის გამო საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 80 000-ით მეტია ვიზიტორთა იმ რაოდენობას, რომლებიც მშვიდობიანობის დროს შემოვიდოდნენ.