LIVE

10%-იანი ეკონომიკური ზრდა და ორნიშნა ინფლაცია - სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზები

07 ნოე 202212:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 827
10%-იანი ეკონომიკური ზრდა და ორნიშნა ინფლაცია - სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზები

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-დან 10%-მდე გაზარდა. 2023 წელს კი IMF-ი ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის. 

პროგნოზის გაუმჯობესების ერთ-ერთ მიზეზად მიგრანტები სახელდება. IMF-ის მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჯონის განცხადებით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა.

„პანდემიიდან სწრაფი აღდგენის შემდგომ, ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომით გამოწვეული იმიგრაციისა და ფინანსური ნაკადების შემოდინების ზრდამ, ასევე საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის მატებამ, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და ფისკალური შემოსავლების მატება განაპირობა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ლარი გააძლიერა და სავალუტო რეზერვების დაგროვებას შეუწყო ხელი. დაკრედიტების ზრდა შენელდა, თუმცა ინფლაცია კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, სასაქონლო ჯგუფებზე ჯერ კიდევ მაღალი ფასებისა და ძლიერი შიდა მოთხოვნის გამო“,- აცხადებს IMF-ის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი.

რაც შეეხება ფასების დონეს, სავალუტო ფონდი ელის, რომ ქვეყანა წელს ორნიშნა, 10.5%-იანი წლიური ინფლაციის მაჩვენებლით დაასრულებს.