LIVE

ღარიბაშვილი: უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს, ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა

13 ივნ 202214:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 832
ღარიბაშვილი: უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს, ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა

რეგიონში შექმნილი ამ უბედურების ფონზე, ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

ღარიბაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "მთავრობის წინდახედულობის და ეროვნული პოლიტიკის გარეშე, დღეს ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, აქ ქვეყანაში არაფერი აღარ იქნებოდა". 

"ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა. ექსპორტი, ტურიზმი, ზოგადად, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა, რომელიც არის უპრეცედენტო დღეს, ასეთ ვითარებაში, მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ ევროპაში. პირველ კვარტალში წელს გვქონდა რეკორდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა.

ჩვენ ისევ მოკრძალებული პროგნოზები გვაქვს, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. მთელი ბიზნეს სექტორი არის მოტივირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი სწორად აღიქვამს ამ სტაბილურობას და პროგნოზირებადობას, რომელიც ჩვენმა მთავრობამ შექმნა ქვეყანაში და სწორი პოლიტიკის გატარების შედეგია ეს ყველაფერი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა საგარეო ვაჭრობის მონაცემები, რომლის თანახმადაც, იანვარ-მაისში ექსპორტი 36.2%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 092 მილიონი აშშ დოლარი იყო. ამავე პერიოდში იმპორტის 37.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 4 მილიარდ 821 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2 მილიარდ 729 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტზე

რაც შეეხება ინვესტიციებს, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 568 მლნ 200 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 435 მლნ 700 ათასი დოლარით (4.3-ჯერ) აღემატება. ინვესტიციების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი გაზრდილი რეინვესტირებაა. ინვესტიციების უდიდესი ნაწილი (318 მლნ 200 ათასი დოლარი) სწორედ რეინვესტირებაზე მოდის, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი ინვესტიციები კვლავ ნაკლებად შემოდის და უკვე არსებული ინვესტორების მიერ ხდება მიღებული შემოსავლების/მოგების ხელმეორედ დაბანდება.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმი პანდემიამდელ დონეს კვლავ ვერ დაუბრუნდა. 5 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 906 670 იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 54.8%-იანი აღდგენაა. უკრაინაში ომის ფონზე მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება რუსეთიდან. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 51 561 რუსი ვიზიტორი იმყოფებოდა. წლიურმა ზრდამ 377% შეადგინა. 2020 წელთან შედარებით კი, რუსი ვიზიტორების რაოდენობა 1 265%-ითაა გაზრდილი.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ უკვე 11 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. მაისში წლიური ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა.