LIVE

დღეს მთავრობამ ₾90 000 000 შიდა ვალი აიღო

22 ნოე 202213:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 502
დღეს მთავრობამ ₾90 000 000 შიდა ვალი აიღო

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონი გაიმართა, სადაც 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 198 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.950%-ით, მაქსიმალური 9.047%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.992%-ით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750%-ს შეადგენდა და მისი გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სახაზინო ობლიგაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდია, რომელიც აუქციონის მეშვეობით იყიდება. მისი შემსყიდველები კი მთავრობის კრედიტორები ხდებიან.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში, ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ვალის ლარში აღების არგუმენტად საპროცენტო განაკვეთები დაასახელა. ლაშა ხუციშვილის თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ხოლო ლარში იკლებს, ამიტომ ვალის საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შესამცირებლად ეს ტენდენცია ხელსაყრელია.

2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალის მოცულობა 21 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც მთლიანი ვალის 76%-ია. ამასთან, საშინაო ვალის ნაშთმა 31 აგვისტოს მდგომარეობით 6.538 მლრდ ლარი შეადგინა. მომავალ წელს კი მთავრობა 3 მლრდ 628 მლნ ლარის ახალ ვალს აიღებს. აქედან 1.4 მლრდ ლარი საშინაო ვალი იქნება, 2 მლრდ 228 მლნ ლარი კი - საგარეო ვალი. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს საქართველოს მთავრობა 500 მლნ დოლარის მოცულობის ევროობლიგაციების ლარის ბონდებით გადაფარვას გეგმავს.