LIVE

მთავრობა $500 მილიონის საგარეო ვალის დაფარვას შიდა ვალით გეგმავს

15 ნოე 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 491
მთავრობა $500 მილიონის საგარეო ვალის დაფარვას შიდა ვალით გეგმავს

საქართველოს მთავრობა 500 მლნ დოლარის მოცულობის ევროობლიგაციების ლარის ბონდებით გადაფარვას გეგმავს.

განვითარების სტრატეგია „ხედვა 2030-ში“ ნათქვამია, რომ მთლიანი ვალის პორტფელში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილი კვლავ საკმაოდ მაღალია. საგარეო ვალის წილის შემცირების ერთ-ერთ გზად კი მთავრობა 2026 წელს დასაფარი ევროობლიგაციების ლარში დენომინირებული ვალით რეფინანსირებას განიხილავს.

ამასთან, მთავრობის გეგმაა, რომ 2024 წლისთვის ვალის პორტფელში ლარში დენომინირებული ვალის წილი 26.4%-მდე გაიზარდოს, 2027 წლისთვის 36.4%-მდე, ხოლო 2030 წლისთვის 40.4%-მდე.  

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განუცხადა, ევროობლიგაციების ლარის ბონდების რეფინანსირების საკითხზე მთავრობა მომავალში კონსულტაციებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთანაც გამართავს. ამასთან, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ვალის მართვის სტრატეგია ითვალისწინებს მთავრობის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით უფრო მეტი საერთაშორისო ინვესტორის დაინტერესებასაც.

“ჩვენი გეგმაა, რომ მომდევნო 3-4 წელში მთლიან პორტფელში საგარეო ვალის წილი 65%-მდე შემცირდეს. ამისთვის ერთ-ერთი კომპონენტია ევრობონდების რეფინანსირება ლარში გამოშვებული ბონდების საშუალებით მოხდეს. გვინდა, რომ ის ინვესტორები, რომლებიც აქამდე ყიდულობდნენ ჩვენს ევროობლიგაციებს, უკვე შიდა ბაზარზე შემოვიყვანთ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ სამიზნე მაჩვენებლებს დავუახლოვდეთ. ბუნებრივია ეს დღევანდელი გეგმაა და კონკრეტული ობლიგაციის გამოშვების წინ არსებული მაკროეკონომიკური ვითარებით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, 2021 წლის აპრილში საქართველომ $500 მლნ-ის ევრობონდები გამოუშვა, რითაც 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა - $500 მილიონი დაიფარა. ევროობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთმა 2.75% შეადგინა.

2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალის მოცულობა 21 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც მთლიანი ვალის 76%-ია. ამასთან, საშინაო ვალის ნაშთმა 31 აგვისტოს მდგომარეობით 6.538 მლრდ ლარი შეადგინა. მომავალ წელს კი მთავრობა 3 მლრდ 628 მლნ ლარის ახალ ვალს აიღებს. აქედან 1.4 მლრდ ლარი საშინაო ვალი იქნება, 2 მლრდ 228 მლნ ლარი კი - საგარეო ვალი.