LIVE

ფინანსთა მინისტრი: საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ლარში - იკლებს

17 ნოე 202214:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 85
ფინანსთა მინისტრი: საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ლარში - იკლებს

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ხოლო ლარში იკლებს. მინისტრის განმარტებით, სწორედ ესაა არგუმენტი, რის გამოც მთავრობა ვალს ლარში იღებს.

მინისტრმა პარლამენტში მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ისიც განაცხადა, რომ ვალის მართვის მთავარ ამოცანას საგარეო რისკების შემცირება წარმოადგენს.

„ოპონენტებისგან და ექსპერტებისგან ხშირად მომისმენია, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ ვამბობთ უარს „იაფ“ საგარეო სესხებზე და ვიღებთ „ძვირ“ საშინაო ვალს. ვალის მართვის მთავარ ამოცანად ვალის საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირება წარმოადგენს. შექმნილი გლობალური და ადგილობრივი მაკროეკონომიკური ტენდენციები საკმაოდ ხელსაყრელია ამ ამოცანის შესასრულებლად. კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ხოლო ლარში საპროცენტო განაკვეთები იკლებს, რაც ბოლო პერიოდში გამართული აუქციონის შედეგებიდანაც ჩანს. ისტორიულად, უცხოურ ვალუტაში სესხება, ერთი შეხედვით, უფრო იაფი ჩანს დაბალი ნომინალური პროცენტის გამო, თუმცა ამ სესხებას ყოველთვის თან ახლდა სავალუტო რისკი, რაც საშუალოდ, პანდემიამდე ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 6%-ს შეადგენდა“, - აღნიშნა მან.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ახლა უცხოურ ვალუტაში ნომინალური საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად იმატებს.

„ადრე თუ საშუალოდ ეს მაჩვენებელი 1,6 პროცენტს შეადგენდა, 2023 წლისათვის 4-5 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო სავალუტო რისკი, შექმნილი რისკების ფონზე, მინიმუმ იგივე დონეზე იქნება შენარჩუნებული. შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში, თუნდაც დონორების დაფინანსება, სავალუტო რისკების გათვალისწინებით, უკვე აღემატება ლარში საპროცენტო განაკვეთებს“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება ლარში დაფინანსებაზე, რაც ხარჯის გარდა, ხელს შეუწყობს ვალის პორტფელის დივერსიფიცირებას, სავალუტო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირებას, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას, საშუალოვადიან პერიოდში ვალის მომსახურების ხარჯების შემცირებას.

2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალის მოცულობა 21 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც მთლიანი ვალის 76%-ია. ამასთან, საშინაო ვალის ნაშთმა 31 აგვისტოს მდგომარეობით 6.538 მლრდ ლარი შეადგინა. მომავალ წელს კი მთავრობა 3 მლრდ 628 მლნ ლარის ახალ ვალს აიღებს. აქედან 1.4 მლრდ ლარი საშინაო ვალი იქნება, 2 მლრდ 228 მლნ ლარი კი - საგარეო ვალი. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს საქართველოს მთავრობა 500 მლნ დოლარის მოცულობის ევროობლიგაციების ლარის ბონდებით გადაფარვას გეგმავს.