LIVE

საქართველოში ვებგვერდების დაბლოკვის ძირითადი მიზეზი საავტორო უფლებების დარღვევაა

19 ნოე 202213:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 580
საქართველოში ვებგვერდების დაბლოკვის ძირითადი მიზეზი საავტორო უფლებების დარღვევაა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდების დაბლოკვის მოთხოვნით ძირითადად საავტორო უფლებების დარღვევის გამო მიმართავენ.

კომისიას ყველაზე ხშირად სწორედ, საავტორო უფლებების დამცველი სუბიექტები მიმართავენ და ითხოვენ იმ ვებგვერდებზე წვდომის შეზღუდვას, რომლებიც არღვევენ უფლებამფლობელების კანონიერ ინტერესებს.

როგორც, საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის წარმომადგენელი, ზურაბ ბეჯაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" საუბარში აღნიშნავს, ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა აუდიო-ვიზუალური კონტენტის არალეგალურად გამოყენების ფაქტები. მისი თქმით, ინტერნეტ სივრცეში ხშირად ფიქსირდება მონაცემთა ბაზების უკანონოდ გავრცელების შემთხვევებიც.

"ინტერნეტ სივრცეში ყველაზე ხშირად აუდიო-ვიზუალური კონტენტის არალეგალურად გავრცელების ფაქტები ფიქსირდება. კერძოდ, ფილმების ვებგვერდები როგორც წესი ყველაზე ხშირად არღვევენ საკუთრების უფლებას. მათ შემდეგ მოდის მონაცემთა ბაზები. ამ მიმართულებით, ინტერნეტ სივრცეში საკმაოდ გახშირდა პერსონალური მონაცემების უკანონოდ გავრცელების შემთხვევები. მათთან ერთად ხშირად იბლოკება მუსიკალური ნაწარმოებებიც. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ვებგვერდებზე იბლოკება კონკრეტული ფილმი თუ მუსიკალური ნაწარმოები, რაც ხშირ შემთხვევაში ვებგვერდების დაბლოკვის ნაკლებ პროცენტულობას განაპირობებს ", -  განაცხადა ზურაბ ბეჯაშვილმა

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის თანახმად, კომუნიკაციების კომისიამ, მიმართვიანობის საფუძველზე ბოლო 5 წელში 480 ვებგვერდი დაბლოკა. დაბლოკილი ვებგვერდების უმრავლესობა ანუ 77% საავტორო უფლებების დამრღვევ პროდუქციაზე მოდის. მის შემდეგ არის საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი სხვა პროდუქცია - 16.5% წილით, ხოლო ბოლო ადგილს, 6.5% წილით პორნოგრაფია იკავებს.