ქართველი სპეციალისტები აკვაკულტურის ბიოუსაფრთხოებისა და თევზის დაავადებათა დიაგნოსტიკის ორკვირიან სპეციალიზებულ კურსს დაესწრნენ. ტრენინგი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივითა და ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
5-დან 14 ოქტომბრამდე გამართულმა ტრენინგმა თევზის ფერმერები, ექსტენციის სპეციალისტები, ლაბორატორიების თანამშრომლები და კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლები გააერთიანა. ინიციატივის მიზანს საქართველოში კალმახის დაავადებათა პრევენციის, ნიმუშების აღების, დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენდა.
„თევზის ჯანმრთელობა ევროკავშირის ფერმიდან სუფრამდე მიდგომის ამოსავალი წერტილია. ის, თუ როგორ მართავენ ფერმერები თევზის ჯანმრთელობას, პირდაპირ აისახება არა მხოლოდ მათ შემოსავალზე, არამედ ბაზარზე წვდომაზეც. საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, ევროკომისიას ჯერ კიდევ შესაფასებელი აქვს ის ზომები, რომლებიც ევროკავშირში საექსპორტოდ განკუთვნილი აკვაკულტურის პროდუქტების უვნებლობას უზრუნველყოფს. ევროკავშირის საიმპორტო მოთხოვნებთან შესაბამისობა გზას გაუხსნის აკვაკულტურის პროდუქტების ექსპორტს ევროკავშირში და, ამავდროულად, გააძლიერებს ქართველი მომხმარებლის ნდობას თევზის ხარისხისა და უვნებლობის მიმართ. ფერმერების უნარებსა და სანდო ლაბორატორიულ ტესტირების გაძლიერებაში ინვესტირებით, ევროკავშირი და შვედეთი საქართველოს აკვაკულტურის სექტორს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაში ეხმარებიან“, – განაცხადა დენის რაისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერმა.
პროგრამა აერთიანებდა თეორიულ ცოდნას საველე და ლაბორატორიულ სამუშაოებთან. საკალმახე ფერმებში ვიზიტისას, მონაწილეებმა მიმოიხილეს ბიოუსაფრთხოების ღონისძიებები და თევზის ჯანმრთელობის რისკები, შეამოწმეს თევზი, აიღეს ქსოვილის ნიმუშები და შეასრულეს ნიმუშების შენახვის, ეტიკეტირებისა და ცივი ჯაჭვის მართვისთვის საჭირო პროცედურები.
ლაბორატორიაში მათ დაამუშავეს ნიმუშები და შეისწავლეს პარაზიტული, სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკური მეთოდები, მათ შორის PCR და ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლაბორატორიული აღმოჩენების გამოყენებას ფერმის დონეზე დაავადებათა პრევენციისა და მართვის პრაქტიკულ საქმიანობაში.
თბილისში გამართული სესიები მიეძღვნა კალმახის პრიორიტეტული ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული და სოკოვანი დაავადებების დიაგნოსტიკის მიდგომებს, აგრეთვე ბიოუსაფრთხოების ზომებს, ადრეული გაფრთხილების სისტემებსა და ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი მგრძნობელობის ტესტირებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ უნდა იქცეს ლაბორატორიული კვლევის შედეგები ფერმის დონეზე დაავადებების პრევენციისა და მართვის პრაქტიკულ ღონისძიებებად.
„ყოველი უვნებელი კერძი იმით იწყება, რომ ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე ვიღაც რისკს ამოწმებს, აფასებს და მონიტორინგს უწევს. ამ ტრენინგის მეშვეობით ფერმერებმა, ლაბორატორიის სპეციალისტებმა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა გაიუმჯობესეს უნარები ბიოუსაფრთხოების, ნიმუშების აღების, დაავადებების დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის მიმართულებით. სწორედ ასეთი ცოდნაა საჭირო სასურსათო სისტემების გარდასაქმნელად და იმისთვის, რომ საქართველო მყარად დადგეს უფრო უვნებელი და მედეგი სურსათის წარმოების გზაზე“, – განაცხადა გუიდო აგოსტინუჩიმ, FAO-ს პროგრამის მენეჯერმა.
ოქტომბერში გამართული საგანმანათლებლო აქტივობები ტრენინგების უფრო ფართო სერიის ნაწილია, რომელსაც FAO მხარს უჭერს და აფინანსებს ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV-ის ფარგლებში. მათ შორის იყო ორკვირიანი ლაბორატორიული ტრენინგი, რომელიც 2026 წლის სექტემბერში გაიმართა და მიეძღვნა პესტიციდების ნარჩენების ტესტირებასა და კალმახში ანტიბიოტიკების ნარჩენების გამოკვლევას ევროკავშირისა და საქართველოს მოთხოვნების შესაბამისად.