LIVE

IDFI: 480 ვებგვერდის დაბლოკვის ინიციატორთა 38% სახელმწიფო სტრუქტურებია

17 ნოე 202213:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 401
IDFI: 480 ვებგვერდის დაბლოკვის ინიციატორთა 38% სახელმწიფო სტრუქტურებია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის თანახმად, 2017 წლიდან 2022 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, პროვაიდერებს ვებგვერდების დაბლოკვის შესახებ 65 მიმართვა გაუგზავნა. IDFI-ს ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში ერთი მიმართვით მოთხოვნილი იყო რამდენიმე გვერდის დაბლოკვა. შესაბამისად, ჯამში კომისიამ 480 ვებგვერდის დაბლოკვა მოითხოვა.

საქართველოში ვებგვერდის დაბლოკვის ტექნიკური აღმასრულებელი ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელი კომპანიაა. კომუნიკაციების კომისია კი პროვაიდერებს მიმართავს მომხმარებელთა და სხვა პირების (მათ შორის, სახელმწიფო ორგანოების) მიმართვების საფუძველზე. კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ვებგვერდების დაბლოკვის მოთხოვნით, კომისიას ყველაზე ხშირად მიმართავდნენ სახელმწიფო ორგანოები (38%), იურიდიული პირები (31%) და ფიზიკური პირები (20%).

„მხედველობაში თუ არ მივიღებთ ინტერნეტ გვერდებს, რომელთა გადამოწმებაც ვერ მოხერხდა, კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში ვებგვერდების დაბლოკვის რეალური მაჩვენებელი 55%-ია. ასეთმა მაჩვენებელმა და დაბლოკვისთვის თავის არიდების შემთხვევების რაოდენობამ შეიძლება კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების აღსრულების ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. აღსანიშნავია ასევე, რომ კომისია ფაქტობრივად არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ვებგვერდების დაბლოკვის თავდაპირველი ინიციატორი. მას გააჩნია მხოლოდ ერთგვარი შუამავლის ფუნქცია მიმმართავ სუბიექტებსა და პროვაიდერებს შორის“, - აღნიშნულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაში.

IDFI-ს თანახმად, სისტემურ დონეზე არ იკვეთება, რომ კომისია ბოროტად იყენებს ვებგვერდთა დაბლოკვის მექანიზმის პროცედურულ/მატერიალურ ხარვეზებს. მათი შეფასებით, მიუხედავად ამისა, სახეზეა არაერთი, ძირითადად, პროცესუალური მოუწესრიგებლობით გამოწვეული ხარვეზი, რომლებიც მიუთითებს, რომ ვებგვერდთა დაბლოკვის მოქმედ მექანიზმს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბოროტად გამოყენების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.

კვლევის ძირითადი მიგნებებიდან ასევე აღსანიშნავია შემდეგი:

  • 2017 წელს კომისიას არც ერთი ვებგვერდის დაბლოკვა არ მოუთხოვია. ვებგვერდების დაბლოკვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წელს (მხოლოდ პირველი 9 თვის განმავლობაში) გამოვლინდა;
  • დაბლოკილი ვებგვერდების უმრავლესობა (77%) მოდის საავტორო უფლებების დამრღვევ პროდუქციაზე, 16.5% - საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევ სხვა პროდუქციაზე, 6.5% კი - პორნოგრაფიაზე. 
  • გამოვლინდა დაბლოკვისთვის თავის არიდების სხვადასხვა ხერხები: მობილური აპლიკაციის შეთავაზება. აგრეთვე გამოიყენება სხვადასხვა პლატფორმა (მაგ. TELEGRAM) სხვა მისამართზე (დომენზე) განთავსებული იგივე ვებგვერდის თაობაზე ინფორმაციის გასავრცელებლად;
  • დაბლოკილი ვებგვერდების მფლობელები ამა თუ იმ გზით, მაინც ახდენენ დაუშვებელი პროდუქციის გავრცელებას. აღნიშნულს განსაკუთრებით მარტივად ახერხებენ, პოპულარული ვებგვერდები;
  • დაბლოკვის დაბალმა მაჩვენებელმა და სხვადასხვა გზით თავის არიდების შემთხვევების რაოდენობამ შეიძლება საქართველოში ვებგვერდთა დაბლოკვის მექანიზმის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს;
  • ინტერნეტ გვერდების დაბლოკვის ნორმატიული მოწესრიგება არაერთ ხარვეზს შეიცავს, რომელსაც, თავის მხრივ, ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბოროტად გამოყენების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. კომისიის მიერ ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სისტემური პრაქტიკა კვლევის ფარგლებში არ გამოვლენილა;
  • ვებგვერდთა დაბლოკვის მექანიზმის გამოყენების თაობაზე ინფორმაციას არ აქვეყნებს არც კომუნიკაციების კომისია, არც ინტერნეტ სერვის პროვაიდერები და არც სხვა სახელმწიფო ორგანოები.