LIVE

მასკმა Twitter იყიდა და აღმასრულებელი დირექტორები დაითხოვა

28 ოქტ 202210:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 910
მასკმა Twitter იყიდა და აღმასრულებელი დირექტორები დაითხოვა

ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვის შესახებ $44-მილიარდიანი გარიგება დაასრულა. ინფორმაცია კომპანიას ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა საერთაშორისო მედია სიახლის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს

ცოტა ხნის წინ თავად მასკმა Twitter-ზე დაწერა: "ჩიტი გათავისუფლდა", რაც ასევე მიუთითებს გარიგების დასრულებაზე. 

მედიის ინფორმაციით, მასკმა გაათავისუფლა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი და მასთან ერთად, კიდევ ორი აღმასრულებელი დირექტორი, ასევე ფინანსური დირექტორი ნედ სეგალი და პოლიტიკის ხელმძღვანელი ვიჯაია გადე.

Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მილიარდერს სურს, Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდეს. 

მასკი პლატფორმაზე კონტენტის მოდერაციის პოლიტიკის გადახედვას გეგმავს. მილიარდერმა თქვა, რომ მომხმარებლების მუდმივი დაბლოკვის პრაქტიკას არ ეთანხმება, რაც ზრდის ალბათობას, რომ პლატფორმაზე დაბლოკილი ანგარიშები აღდგეს. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დაბრუნდება თუ არა Twitter-ზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც ძალადობის წაქეზების გამო, სამუდამოდ დაბლოკილია. აშშ-ში მოახლოებული შუალედური არჩევნების წინ, Twitter-ზე ტრამპის გამოჩენას, შესაძლოა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს. 

გარიგების დასრულებით, მასკმა და Twitter-მა თავიდან აიცილეს სასამართლო პროცესი, რომელიც ამ თვის დასაწყისში იყო დაგეგმილი. კომპანიამ გარიგების გაწყვეტის გამო, მილიარდერს უჩივლა და შეთანხმების შესრულების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა. 

მიმდინარე წლის აპრილში ილონ მასკი Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვას დათანხმდა, რაც ნიშნავდა, რომ ინვესტორები Twitter-ის თითოეული აქციისთვის $54,20-ს მიიღებდნენ. თუმცა ივლისის დასაწყისში მან გარიგებას შეწყვეტის შესახებ განაცხადა და ამის მიზეზად სოციალური ქსელის მხრიდან მრავალჯერადი დარღვევები დაასახელა.