გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა Twitter-ის ახალ მფლობელს, ილონ მასკს ღია წერილი გაუგზავნა და ორგანიზაციაში ადამიანების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.
გასულ კვირას Twitter-მა თანამშრომლების ნახევარი გაათავისუფლა. კომპანიის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ტვიტების მიხედვით, გათავისუფლებულთა შორის აღმოჩნდა ადამიანის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი გუნდი, რაც კომისარმა უარყოფითად შეაფასა.
"Twitter გლობალური რევოლუციის ნაწილია, რომელმაც შეცვალა ჩვენი კომუნიკაციის გზა, მაგრამ როგორც ყველა კომპანიას, Twitter-საც უნდა ჰქონდეს გააზრებული ზიანი, რომელიც პლატფორმას უკავშირდება და უნდა გადადგას ნაბიჯები მათ მოსაგვარებლად", - წერს ტურკი და მასკს ორგანიზაციაში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვის შესახებ $44-მილიარდიანი გარიგება გასული თვის ბოლოს დაასრულა. კომპანიის ყიდვის შემდეგ კი განაცხადა, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თვითონ იქნება.