LIVE

Binance-ის CEO ინდუსტრიაში მკაფიო რეგულაციების შემოღებას ითხოვს

14 ნოე 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 414
Binance-ის CEO ინდუსტრიაში მკაფიო რეგულაციების შემოღებას ითხოვს

უმსხვილესი კრიპტობირჟის Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩანგპენგ ჟაო ინდუსტრიისთვის ახალი, მაგრამ სტაბილური და მკაფიო რეგულაციების შემოღებას ითხოვს. 

"ახალ ინდუსტრიაში ვართ, გასულ კვირას ვნახეთ, რომ ყველაფერი გადაირია. გვჭირდება გარკვეული რეგულაციები, ეს უნდა გავაკეთოთ სწორად, ეს უნდა გავაკეთოთ სტაბილურად," - მიმართა ჟაომ ინდონეზიაში შეკრებილ G20-ის ლიდერებს. 

მისი თქმით, ინდუსტრიის პასუხისმგებლობაა, რომ დაიცვას მომხმარებელი და მასთან ერთად, ყველა მხარე.

მის განცხადებას წინ უძღვის ქაოსი კრიპტოინდუსტრიაში. პარასკევს FTX-მა გაკოტრების შესახებ განაცხადა, თუმცა განსაკუთრებული პანიკა ბირჟიდან "საეჭვო გარემოებებში" მომხმარებლების კუთვნილი სულ მცირე $1 მილიარდის გაქრობამ გამოიწვია.

Reuters-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბირჟის დამფუძნებელმა, სემ ბანკმენ-ფრიდმა ფარულად გადარიცხა კლიენტების კუთვნილი $10 მილიარდი FTX-დან Bankman-Fried-ის კომპანია Alameda Research-ში, რის შემდეგაც ამ თანხის დიდი ნაწილი დაიკარგა. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, დაკარგული თანხა დაახლოებით $1.7 მილიარდია, მეორემ კი თქვა, რომ სხვაობა $1-დან $2 მილიარდამდე იყო. 

FTX ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ "დაუზუსტებელი განცხადებების" გამო, მისი ფირმა FTX-ის შიდა ტოკენის, FTT-ს, გაუქმებას აპირებდა. FTX-ის ლიკვიდურობის პრობლემა დიდი ოდენობით თანხის გატანამ შეუქმნა. ცნობებმა, რომლებმაც FTX-ის ფინანსური მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა, ბაზარზე პანიკა და სამი დღის განმავლობაში ბირჟიდან $6 მილიარდის გატანა გამოიწვია. 

მოგვიანებით, 8 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Binance მთავარ კონკურენტს, FTX-ს ყიდულობდა, თუმცა საბოლოოდ Binance-მა გარიგებაზე უარი თქვა

Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ გუშინ Twitter-ზე დაწერა, რომ Binance საკუთარ პლატფორმაზე FTX-ის FTT ტოკენის დეპოზიტების მიღებას წყვეტს და სხვა ბირჟებს იმავე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.