კრიპტო ბირჟა FTX-ის კოლაფსის შედეგად, მომხმარებლების კუთვნილი სულ მცირე $1 მილიარდი გაქრა.
Reuters ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბირჟის დამფუძნებელმა, სემ ბანკმენ-ფრიდმა ფარულად გადარიცხა კლიენტების კუთვნილი $10 მილიარდი FTX-დან Bankman-Fried-ის კომპანია Alameda Research-ში, რის შემდეგაც ამ თანხის დიდი ნაწილი დაიკარგა. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, დაკარგული თანხა დაახლოებით $1.7 მილიარდია, მეორემ კი თქვა, რომ სხვაობა $1-დან $2 მილიარდამდე იყო.
FTX ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ "დაუზუსტებელი განცხადებების" გამო, მისი ფირმა FTX-ის შიდა ტოკენის, FTT-ს, გაუქმებას აპირებდა. FTX-ის ლიკვიდურობის პრობლემა დიდი ოდენობით თანხის გატანამ შეუქმნა. ცნობებმა, რომლებმაც FTX-ის ფინანსური მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა, ბაზარზე პანიკა და სამი დღის განმავლობაში ბირჟიდან $6 მილიარდის გატანა გამოიწვია.
მოგვიანებით, 8 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Binance მთავარ კონკურენტს, FTX-ს ყიდულობდა, თუმცა საბოლოოდ Binance-მა გარიგებაზე უარი თქვა.
ამ მოვლენების შემდეგ, კრიპტოვალუტების რიგით მეორე უმსხვილესი ბირჟა, FTX გაკოტრდა, მან უკვე მიმართა სასამართლოს შესაბამისი პროცედურების დასაწყებად, სემ ბანკმენ-ფრიდმა კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.