LIVE

სამედიცინო დაწესებულებებში DRG მოდელი 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება

17 ოქტ 202210:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 592
სამედიცინო დაწესებულებებში DRG მოდელი 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება

სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება.

ჯანდაცვის სამინისტრო, DRG დაფინანსების მოდელის პრეზენტაციას დღეს გამართავს.

DRG მოდელზე გადასვლა გულისხმობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

აღსანიშნავია, რომ DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, DRG სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე:

1.გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია;

2. ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა;

3. გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა;

4. მშობიარობა / საკეისრო კვეთა;

5. ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები;

6. კომბუსტიოლოგია;

7. თრომბოლიზისი და თრომბექტომია ინსულტის შემთხვევაში (დაფინანსდება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად).

აღსანიშნავია, რომ DRG მეთოდის დანერგვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დასაწყისში დააანონსა და მოდელი ჯერ კიდევ ოქტომბერში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა გადავადდა, რაზეც პასუხისმგებლობას სამინისტრო კლინიკებს, კლინიკები კი სამინისტროს აკისრებდნენ.