LIVE

სამინისტრო DRG-ის გადავადებას კლინიკებს აბრალებს, კლინიკები - სამინისტროს

11 ოქტ 202212:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 517
სამინისტრო DRG-ის გადავადებას კლინიკებს აბრალებს, კლინიკები - სამინისტროს

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებისთვის ახალი, ე.წ. DRG სისტემის გადავადების მიზეზად კერძო სექტორის სურვილს ასახელებს, კლინიკები კი ამბობენ, რომ რეფორმისთვის თავად სამინისტრო არ იყო მზად.

ჯანდაცვის სექტორში განმარტავენ, რომ სამინისტრომ სექტორის წარმომადგენლებს შეხვედრაზე მწირი ინფორმაცია მიაწოდა, სადაც არ იყო წარმოდგენილი პროექტის განხორციელების ეტაპები, სტრატეგია და მექანიზმი თუ როგორ უნდა მოიქცეს კლინიკა ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში.

"კლინიკებიდან მოდიოდა ბევრი კითხვა და უმეტესობა იყო პასუხგაუცემელი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, მგონია, რომ ჯერ უნდა გავერკვიოთ და მერე დავნერგოთ ახალი რეფორმა. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რა ტარიფებს ითვალისწინებს DRG სისტემა, არ არის დატესტილი პრაქტიკაში, ამიტომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ კლინიკებმა მიაწოდონ პაციენტებს სამედიცინო მომსახურება, თუმცა ჯანდაცვისგან ვერ მიიღონ შესაბამისი დაფინანსება," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას გიორგი ლობჟანიძე, Vivo Medical Group-ის სტრატეგიული და კლინიკური განვითარების დირექტორი.

"ბიზნეს ფორმულა" ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა რეფორმის დეტალების გასარკვევად, თუმცა სამინისტრო DRG სისტემაზე გადასვლის ზუსტ თარიღს არ ასახელებს, მათ შორის არც იმას, როდიდან გაგრძელდება სამუშაო შეხვედრები კლინიკების წარმომადგენლებთან.

ცნობისთვის, DRG-სისტემა ე.წ. დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელზე გადასვლას გულისხმობს, რომლის მიხედვით, სამინისტრო კლინიკებს დაფინანსებას პაციენტის დიაგნოზის, ასაკის და  ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის მიხედვით განუსაზღვრავს. ამ სისტემით ერთსა და იმავე დიაგნოზს სხვადასხვა კლინიკაში განსხვავებული ფასი აღარ ექნება და ყველასათვის გამჭვირვალე გახდება.

ჯანდაცვის სპეციალისტები ელიან, რომ რეფორმის წარმატების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებების შემოსავლები გაიზრდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, მოქალაქეები მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ, ხოლო მეორე მხრივ, კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროსგან შესაბამისი დაფინანსების მოპოვებას შეძლებენ. კლინიკების გაზრდილი შემოსავლები კი სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასების გადახედვის შესაძლებლობას გააჩენს.