LIVE

მიხეილ ლომთაძე ყაზახეთში წლის საუკეთესო CEO-დ ზედიზედ მეხუთედ დასახელდა

23 სექ 202220:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 1071
მიხეილ ლომთაძე ყაზახეთში წლის საუკეთესო CEO-დ ზედიზედ მეხუთედ დასახელდა

Kaspi.kz-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე ყაზახეთში ფორუმზე, სახელწოდებით, Kazakhstan Growth Forum, "წლის საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად" უკვე ზედიზედ მეხუთედ დასახელდა.

ღონისძიებაზე, სადაც წლის საუკეთესო ლიდერები გამოავლინეს, ლომთაძემ ჯილდო "საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებისთვის" მიიღო.

"მადლობა ჟიურის ჩვენი გუნდის მუშაობის აღიარებისთვის. ჩვენ ვმოქმედებთ Kaspi.kz-ის მისიით - შევქმნათ ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც აუმჯობესებენ ყაზახეთის ცხოვრებას და ვხელმძღვანელობთ პრინციპით: რაც კარგია ყაზახებისთვის და ყაზახეთისთვის, კარგია Kaspi.kz-ისთვის. წარმოუდგენლად ვამაყობთ, რომ Kaspi.kz სრულად ყაზახეთში შექმნილი კომპანიაა. ჩვენ გავაგრძელებთ ყაზახების გახარებას და გაოცებას ყველაზე თანამედროვე, მარტივი და მოსახერხებელი ონლაინ სერვისებით. მადლობა ჩვენს საყვარელ მომხმარებლებს, რომ ჩვენთან ერთად არიან!", - თქვა ლომთაძემ.

ჟიური გამარჯვებულებს ყაზახეთის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 500 საუკეთესო კომპანიიდან არჩევს.

წლების განმავლობაში, მიხეილ ლომთაძე საუკეთესო ლიდერად სახელდება PricewaterhouseCoopers-ის ბიზნეს-კომპანიების ყოველწლიურ გამოკითხვაშიც.

მიხეილ ლომთაძე Kaspi.kz-ის, ყაზახეთში უმსხვილესი გადახდისა და fintech-ის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია ახორციელებს ონლაინ გადახდის, შოპინგისა და პირადი ფინანსების მომსახურებას ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. 

მიხეილ ლომთაძე Forbes-ის მიხედვით, ამჟამად $2.5 მილიარდის ქონებას ფლობს. მიმდინარე წლის დასაწყისში ყაზახეთში არეულობის დროს ინტერნეტის გათიშვამ და ბანკების დახურვამ ფინტექ კომპანია Kaspi.kz-ს და მის უკან მდგომი მილიარდერებს, მათ შორის, მიხეილ ლომთაძეს ძლიერი დარტყმა მიაყენა

გასული წლის 27 ოქტომბერს ბიზნესმენი $6.48 მილიარდით Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 448-ე ადგილს იკავებდა. ამჟამად ის Bloomberg-ის მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანის სიაში აღარ შედის.