LIVE
ვიდეო
02 ოქტ, 2021 13:02
ეკონომიკა 9.5%-ით გაიზრდება - მთავრობამ პროგნოზი კიდევ ერთხელ გაზარდა
1885

საქართველოს მთავრობამ 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ ერთხელ გაზარდა. როგორც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, მთავრობა ელის რომ წელს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზრდება და ნომინალურ გამოსახულებაში 58 427.9 მლნ ლარი იქნება.

ახალი პროგნოზი 1.8 პროცენტული პუნქტით მეტია აქამდე არსებულ 7.7%-იან მოლოდინზე. ამასთან, პრემიერის შეფასებით ქვეყნის "ეკონომიკა დუღს", მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები კი ხშირად აცხადებენ, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რომელიც უკვე საკანონმდებლო ორგანოშია, მომდევნო წლებში ქვეყნის ეკონომიკა გაჯანსაღებას დაიწყებს და 2022-2025 წლებში საშუალოდ 5.5%-ით გაიზრდება. 2022 წლის ბიუჯეტი კი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა. 

რაც შეეხება ინფლაციასთან დაკავშირებულ მოლოდინს, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი 2021 წლისთვის 8.9%-მდე გაიზრდება, მთავრობა საშუალოვადიან პერიოდში ფასების საერთო დონის შემცირებას და 2022-2025 წლებში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე შენარჩუნებას ელის.

პანდემიურ 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი რვა თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 12%-ია. 

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი" (IMF) პროგნოზირებს, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა 7.7%-ით გაიზრდება. "აზიის განვითარების ბანკის" (ADB) პროგნოზით კი ზრდა 8.5% იქნება. 10.5%-იან ზრდას ელის "თიბისი კაპიტალი".

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ