LIVE
ვიდეო
17 იან, 2024 12:32
ComCom: საქართველოში 100 მბ/წმ ფიქსირებული ინტერნეტი 136%-ით უფრო ძვირია ვიდრე ევროპაში
301

კომუნიკაციების კომისიის (ComCom) დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში 100 მბ/წმ ფიქსირებული ინტერნეტი 136%-ით უფრო ძვირია ვიდრე ევროპაში, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტისა და 1 795 წუთი სასაუბრო დროს ჯამური ღირებულება, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით მეტია.

კვლევის თანახმად, ეს შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ ფასების შედარებამ აჩვენა, სწორედ ამ ორ კომპანიაზე მოდის საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის 70%-ზე მეტი. ამასთან, კვლევაში გამოყენებული მონაცემები 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში არსებული შეთავაზებებიდან, ყველაზე დაბალფასიანს ასახავს. ფასები მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის (PPP) შესაბამისად არის დაანგარიშებული და წარმოდგენილია დოლარში.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებების ფასებს - ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებს. 

„მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებებზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია, ვინაიდან 2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ 12 გბ-ს აღწევს.

ციფრულ ეპოქაში ინტერნეტის მოხმარების ტრენდი მიმართულია მზარდი სიჩქარისა და მოცულობის მოხმარებისკენ, რაც 5G ინტერნეტის დანერგვასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება. ანალოგიური მდგომარეობაა ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებებზე, ვინაიდან მომხმარებლების მიერ ონლაინში გატარებული დრო და სხვადასხვა მომსახურებების ონლაინ მიღებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურებების როლი აბონენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც საქართველოში პრობლემას წარმოადგენს.

ვიდრე საქართველოში შენარჩუნდება მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის ინტერნეტის მაღალი ფასები, მომხმარებლები კვლავ იძულებული იქნებიან აირჩიონ დაბალსიჩქარიანი და დაბალი მოცულობის მომსახურებები ან გადაიხადონ მნიშვნელოვნად მაღალი, პრემიუმ ფასები და ასე მიიღონ მაღალი სიჩქარე/მოცულობა“, - აღნიშნულია კვლევაში. 

კომუნიკაციების კომისიაში არ აკონკრეტებენ, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ პრობლემის გადასაჭრელად. აცხადებენ, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, რათა მომხმარებლებს, ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ მაღალი მოცულობისა და სიჩქარის ტელეკომ მომსახურებებით სარგებლობა.

შეგახსენებთ, კომუნიკაციების კომისიის საცალო ტარიფის რეგულირებიდან გამოსვლის შემდეგ, მობილურმა ოპერატორებმა ფასები გაზარდეს, რის შემდეგაც კომუნიკაციების კომისიამ, 2022 წლის 5 ივლისს განაცხადა, რომ „მაგთის“ და „სილქნეტის“ ტარიფებს ევროპულს შეადარებდა და ზომებს სწორედ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე მიიღებდა. კვლევა საბოლოოდ 2023 წლის აპრილში, ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, Strategy Analytics-მა (Teligen, TechInsights) ჩაატარა.

გაზრდილი ტარიფების ფონზე, 2023 წლის წლის 9 თვეში ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზრის შემოსავლების 15%-ით, 998.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. „სილქნეტის“ EBITDA (მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე) მარჟამ კი, რეკორდულად მაღალ, 64.5%-იან მაჩვენებელს მიაღწია.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ