საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის 8 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12%-ია.
აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება. ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობისა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.
იანვარ-აგვისტოში საქონლის ექსპორტი გაზრდილია 26%-ით და 2.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი თითქმის 21%-ით და დაახლოებით 6 მილიარდი აშშ დოლარია.
საქსტატის თანახმად, აგვისტოში 13.2%-ით გაიზარდა ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა ოდენობა და 3 602 შეადგინა. 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 31.2%-ით, 9.2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, პანდემიურ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პროგნოზებს, "საერთაშორისო სავალუტო ფონდი" (IMF) საქართველოს მთავრობის მსგავსად პროგნოზირებს, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა 7.7%-ით გაიზრდება. "აზიის განვითარების ბანკის" (ADB) პროგნოზით კი წელს საქართველოს ეკონომიკა 8.5%-ით გაიზრდება. 10.5%-იან ზრდას ელის "თიბისი კაპიტალი".