LIVE
ვიდეო
31 იან, 2024 12:05
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შეამცირა
1026

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 9%-მდე შეამცირა.

შედეგად, 184 391 მომხმარებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება. 1 დეკემბრის მდგომარეობით, სწორედ ამდენი სესხია მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე.

სებ-ის თანახმად, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთაა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი, წინასთან შედარებით, შეამცირა და ელის, რომ ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3%-იან დონეზე დაბალი დარჩება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მის ირგვლივ დასტაბილურდება.

"დეკემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.9% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ დაბალი ინფლაცია შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული საქონლის ინფლაცია კლებადია. პარალელურად, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა. მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის ფონზე, რასაც ასევე ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება დაემატა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი, წინასთან შედარებით, შეამცირა. ეს საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციის რისკებსაც გარკვეულწილად ამცირებს",- აღნიშნავენ სებ-ში. 

მარეგულირებელი მიუთითებს, რომ პოზიტიურ ტენდენციებთან ერთად, საყურადღებოა ინფლაციური რისკებიც.

"მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის. საგარეო რისკებთან ერთად, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც საყურადღებოა. ეკონომიკური აქტივობა გასულ წელს ძლიერი იყო და წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ეკონომიკური ზრდა 7%-ია. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პრე-პანდემიური ტრენდიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო ნორმალიზდება, რაც, მიმდინარე შეფასებით, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მოიაზრებს. თუმცა, შესაძლოა, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან მომდინარე წნეხი წარმოიქმნას, თუკი ერთობლივი მოთხოვნა ეკონომიკის საწარმოო პოტენციალზე სწრაფად გაიზრდება, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელიც საკრედიტო აქტივობის დაჩქარება შეიძლება იყოს",- ნათქვამია სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რამაც, სხვა თანაბარ პირობებში, მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით უნდა იმოქმედოს.

"მიუხედავად პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ მკაცრია და, სხვა თანაბარ პირობებში, ზემოთ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს. თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო",- აცხადებენ სებ-ში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ