LIVE

პრემიერი: შეზღუდვები ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას არ იქონიებს 

13 აგვ 202112:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1556
პრემიერი: შეზღუდვები ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას არ იქონიებს 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუშინ საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას არ იქონიებს.

"მოგვიწია გარკვეული შეზღუდვების დაწესება, გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება ჩვენი გათვლებით, არ იქონიებს რეალურ გავლენას ეკონომიკის ზრდაზე",- აცხადებს ღარიბაშვილი.

მისივე შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა უპრეცედენტოა მთელს მსოფლიოში.

"გვაქვს მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისშიც გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შედეგად, ჩვენმა მოსახლეობამ ეს დეპრესიული, ნიჰილისტური დამოკიდებულება შეიცვალა, სამუშაოს დაუბრუნდა ათასობით ადამიანი, ტურისტების საკმაოდ მძლავრი ნაკადები შემოვიდა საქართველოში. ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები. ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამასთან, შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

საბჭოს გადაწყვეტილებითვე, სრულიად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც საერთაშორისო ეგიდით იმართება. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.

ცნობისთვის, წელს საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის 7.7%-იან ზრდას ელის. აღსანიშნავია, რომ პანდემიურ 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა.